2021 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში სექსუალური ძალადობის შემთხვევები 5%-ით გაიზარდა
სექსუალური ძალადობის შემთხვევები 2021 წლის იანვრის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, 5 პროცენტული ერთეულითაა გაზრდილი, – ამის შესახებ ნათქვამის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებაში.
როგორც ორგანიზაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, სექსუალური ძალადობა კვლავ რჩება გენდერული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, დაფარულ და დაუსჯელ ფორმად.
„არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს სექსუალური ძალადობისთვის ეფექტიან, დაზარალებულზე ორიენტირებულ, გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივ მექანიზმებს. ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის მართლმსაჯულება ხელმიუწვდომელი ან/და რთულად ხელმისაწვდომია.
სექსუალური ძალადობის შემთხვევები 2021 წლის იანვრის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით 5 პროცენტული ერთეულითაა გაზრდილი. მიმდინარე წელს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სექსუალური დანაშაულის არა ერთი მძიმე შემთხვევა, რომელთა მსხვერპლებიც არასრულწლოვნები არიან. მათ მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტები და მძიმე თანმდევი შედეგები ცხადყოფს, რომ პრობლემურია 16 წლამდე გოგონების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის გამოძიება და დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, საია ქვეყანაში აბორტის პრობლემაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ იძულებითი აბორტის საკითხი საქართველოში დღემდე არ არის კანონმდებლობით რეგულირებული და სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება, მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით ვალდებულებია აღებული.
„იძულებითი აბორტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებით დაცული უფლებების სფეროში ექცევა. იძულებითი აბორტი, ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ერთ-ერთ რთულ ფორმადაა მიჩნეული ე.წ. სტამბოლის კონვენციის 39-ე მუხლით.
სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით აღებული ვალდებულების მიუხედავად, იძულებითი აბორტის საკითხი დღემდე არ არის კანონმდებლობით რეგულირებული და სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში რაც შეიძლება სწრაფად აისახოს სტამბოლის კონვენციის მოთხოვნები, ცვლილებები შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსში და მოხდეს იძულებითი აბორტისა და აბორტის იძულების შემთხვევების კრიმინალიზება“, – ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.