ახალი ამბები

ლაგოდეხში 16 წლის გოგოს ოჯახი მოძალადის დასჯას ითხოვს

ლაგოდეხში ძალადობის მსხვერპლი გოგონას ოჯახი დაკავებული მამაკაცის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
გოგონას მშობლები ამბობენ, რომ მოძალადემ სოფელი სამუდამოდ უნდა დატოვოს. „სხვაგვარად, ოჯახებს შორის კონფლიქტი გარდაუვალია“, – ამბობენ ისინი.
მშობლების ინფორმაციითვე, რამდენიმე დღის წინ სოფლის მცხოვრებლებმა გოგონა და მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირეს. შეხვედრაზე მამაკაცმა განაცხადა, რომ თუ ბავშვის ბიოლოგიური მამობა დაუდგინდება, მზად არის საკუთარი სახლი გოგონასა და მის ახალშობილს დაუტოვოს.
გოგონას უკვე ესაუბრნენ ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი, მაგრამ ის ახალშობილის აღზრდაზე უარს აცხადებს. ბავშვი ამ დრომდე ლაგოდეხში, „არქიმედეს“ კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ნათესავების ინფორმაციით, მოძალადე მამაკაცთან ცხოვრებაზე უარი მისმა მეუღლემ განაცხადა. მან სახლი დატოვა და შვილებთან ერთად, საკუთარ სოფელში გაემგზავრა.
შეგახსენებთ, მოძალადე მამაკაცი პოლიციამ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო უკვე დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ნიკოლოზ ესიტაშვილი