სტიქიამ ლაგოდეხის და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა
უამინდობამ ლაგოდეხის, გურჯაანის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. წვიმის შედეგად მუნიციპალიტეტებში ადიდდა მდინარეები, დაიტბორა სახლები, ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები. სტიქიამ დააზიანა შიდა საუბნო გზები.
გადაუღებელი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დაიტბორა. დაზიანებულია ვენახები, შიდა საუბნო გზები და დატბორილია სახლების პირველი სართულები. სტიქიამ ყველაზე მეტად ვარდისუბნის და აფენის თემის მოსახლეობა დააზარალა.
მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განმარტებით, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თითქმის ყველა სოფელში, სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა და დატბორვა გამოიწვია. მისივე თქმით, ღამის განმავლობაში გათიშულია ელექტროენერგია და სოფლებს არ მიეწოდებოდა სასმელი წყალი.
„ჭარბმა ნალექმა დაზარალა ლაგოდეხის თითქმის ყველა სოფელი, განსაკუთრებით აფენის თემი. სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ვენახები, სასოფლო სამეურნეო სავარგულები. ასევე, მოსახლეობის ნაწილს ელექტორენერგია და სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი ტექნიკა. გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშოაები“, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ახმეტაშიც. ადიდებულმმა მდინარე ალაზანმა კალაპოტი გაარღვია და ახლომდებარე სოფლები დატბორა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მეწყრული პროცესებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ახმეტიდან თიანეთის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა.
„გადაუღებელი წვიმის შედეგად, ადიდდა მდინარე ალაზანი. სოფელ ქვემო და ზემო ალვანში ადიდებულმა მდინარემ სავარგულები დატბორა. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ტექნიკა და ამ დრომდე გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. ასევე, უსაფრთხოების მიზნით, თიანეთის მიმართულებით აკრძალულია მოძრაობა“, – განაცხადეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.
სტიქიამ პრობლემები შექმნა ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტში. სოფელ კალაურში ხევი ადიდდა და სავარგულებამდე მისასვლელი გზა ჩახერგა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ისინი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იყვნენ და მუშაობდნენ.
“ხევი გადმოვიდა და სავარგულებამდე მისასვლელი გზა ჩაკეტა , ამ გზით სარგებლობს კალაურის მოსახლეობა და შაშიანის მოსახლეობის ნაწილი. როგორც კი გზა ჩაიხერგა, მობილიზება მოხდა შესაბამისი სამსახურების და მაშინვე გაიწმინდა ტერიტორია”- განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.