ნინო ბურჯანაძე ახმეტასა და ყვარელში მხარდამჭერებს შეხვდა
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, “ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად, კახეთში ამომრჩეველს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძემ ახმეტისა და ყვარლის ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. მათივე ინფორმაციით, ბურჯანაძემ ასევე ადგილობრივებისგან მოისმინა რეგიონში არსებული პრობლემები და გამარჯვების შემთხვევაში, მათ მოგვარებას დაპირდა.
ბურჯანაძის თქმით, კახეთის ძირითად პრობლემად ყურძნის ფასი რჩება, რაც რეგიონში სიდუხჭირეს და ეკონომიკურ კრიზისს იწვევს.
“ხელისუფლებას ხალხისთვის არ სცალია. ხელისუფლებას ისინი ახსენდება მხოლოდ არჩევნების წინ. რთველის დროს ადეკვატური ფასი არ არის ყურძენზე, მოსავლის აღება პრობლემაა, არანაირი ყურადღება არ აქვთ ბინათმშენებლობით დაზარალებულ ადამიანებს, არ აქვთ სასმელი წყალი, სარწყავ სისტემაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია.
ადგილობრივი ხელისუფლება საერთოდ არაფერს აკეთებს. ჩემი ამოცანაა მოვისმინო ამ ადამიანების განწყობა და პრობლემები. მე უნდა ვუთხრა მათ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მე და ჩემი გუნდი გამარჯვების შემთხვევაში. ჩვენ რასაც ვპირდებით არის რეალისტური, ამიტომ თითოეული მათგანი უნდა დაფიქრდეს, ვინ შეძლებს ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური პრობლემების ყველაზე კარგად მოგვარებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რეფორმას განათლების სისტემაში, რათა ყველას შვილმა შეძლოს ცოდნის განვითარება“,- განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.