კომუნალური გადასახადების სუბსიდირება 1 ნოემბრიდან დაიწყება
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი ამოქმედდება.
მისივე თქმით, აღნიშნული გეგმის ფარგლებში, 1 ნოემბრიდან დაიწყება სუბსიდირების პროგრამა, რომელიც 4 თვის განმავლობაში კომუნალურ გადასახადებს შეეხება.
„ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი მოიცავს როგორც ბიზნესის მხარდაჭერას, ისე დახმარებას ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. ეს ეტაპი იწყება 1 ნოემბრიდან და მოიცავს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას 4 თვის განმავლობაში.
ანაზღაურდება ელექტროენერგიის გადასახადი იმ ოჯახისთვის, რომელსაც მოხმარებული აქვს 200 კვ.სთ.-მდე ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზი. ეს არის ის მინიმუმი, რაც დღეს მთავრობას შეუძლია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის განცხადებით, ვისაც მსგავსი დახმარება არ სჭირდება, შეუძლია განაცხადით დააფიქსიროს ეს და ასეთ შემთხვევაში კომუნალური ხარჯები არ ანაზღაურდება.