გიორგი გახარია მოქალაქეებს მოუწოდებს, პირბადე ღია სივრცეებშიც ატარონ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს პირბადე ღია სივრცეებშიც ატარონ.
პრემიერი ორგანიზაციებსაც, მათ შორის კერძო კომპანიებსაც მიმართავს, წესები დაიცვან. როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯერჯერობით კორონავირუსის წინააღმდეგ თავის დასაცავად პირბადის ტარებაზე, სოციალური დისტანციის დაცვისა და ხელების დაბანაზე ეფექტიანი არაფერია.
„სამწუხაროდ, 8 თვის შემდეგ, რაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, ვერავინ უფრო ეფექტური წამალი, წინააღმდეგობა, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ვიდრე პირბადე, დისტანცია და ხელების დაბანაა, ვერ მოიგონა. ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალებები, რითაც შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი ახლობლები. მოგეხსენებთ პირბადის ტარება ქვეყანაში არის სავალდებულო დახურულ შენობებში და უკიდურესი რეკომენდაციაა ეპიდემიოლოგების , რომ პირბადე ვატაროთ ღია სივრცეებშიც, ეს არ არის რთული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პირბადე მინიმუმ კიდევ ერთი წელი იქნებ ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური შემადგენელი ნაწილი. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ყველა ორგანიზაციას, მათ შორის კერძო ორგანიზაციებს, დაიცვან ეს წესები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სავაჭრო დაწესებულებებს. დღეს მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი გვაქვს და სტატისტიკურად საქართველო ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით უკეთესად გამოიყურება, ეს კონკრეტული ადამიანების სიცოცხლეა და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ციფრები. ამიტომ ჩვენ ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი მოხუცების და ხანდაზმულების ჯანმრთელობას. ეს არის ყველაზე რისკისშემცველი სოციალური ჯგუფი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ოჯახის სოციალური სტრუქტურა ცოტა სხვანაირია და ჩვენ ხშირად 3 და 4 თაობა ვცხოვრობთ ერთად, ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში“,– განაცხადა გახარიამ.