როგორ აფასებს თელავის მოსახლეობა სკოლებში სწავლის პროცესის განახლებას
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 1 თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლები ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ყველა საჭირო რესურსით აღჭურვა. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მოსწავლეების მისაღებად სრული მზაობა იყო.
გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა; საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით; მოქნილად დაგეგმოს ცვლები; მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი; შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება; სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, სასწავლო დღედ გამოიყენოს შაბათი დღე.
სწავლის დაწყებიდან მესამე დღეს კახეთის რეგიონში სასწავლო დაწესებულებაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა.
ჩატარებული კვლევების შედეგად ვირუსის არსებობა დაუდასტურდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელსა და ბუღალტერს. აღნიშნული ფაქტის გამო, გურჯაანის რესურსცენტრმა განათლების სამინისტროსთან კოორდინირებული გადაწყვეტილება მიიღო და სკოლა ორი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
თელავის ორ სკოლაში კი კოვიდ- 19 მოსწავლეებს დაუდასტურდათ. არსებული ინფორმაციით, თელავში დაფიქსირებული ორი შემთხვევიდან, ერთი, ალავერდის ეპარქიას დაქვემდებარებულ სასწავლო დაწესებულებაში გამოვლინდა. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კლასები, რომლებშიც მოსწავლეები სწავლობენ, ორ კვირიან იზოლაციაში გადაიყვანეს და ისინი სასწავლო პროგრამას ონლაინ- რეჟიმში გაივლიან.
მაკა ხაზიური, ზურა არჩემაშვილი