საქსტატი- ერთი წლის განმავლობაში ზეთი 27%-ით, თევზეული 10%-ით, რძის ნაწარმი 9%-ით, პური 7.5%-ით გაძვირდა
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ზეთი 27%-ით, თევზეული 10%-ით, რძის ნაწარმი 9%-ით, პური 7.5%-ით გაძვირდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.8 პროცენტი შეადგინა.
,,ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.6 პროცენტი), თევზეული (10.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (9.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.6 პროცენტი).
ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-3.2 პროცენტი). ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 9.7 პროცენტით.
ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (14.0 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე. ასევე ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (12.2 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი და რემონტი (9.7 პროცენტი).
ჯგუფში საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი დაფიქსირდა ფასების 20.5 პროცენტიანი კლება. წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-33.8 პროცენტი) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-28.9 პროცენტი)”,- ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.