თელავის ორ და გურჯაანის ერთ საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა
კახეთის რეგიონში სასწავლო პროცესის განახლებიდან რამდენიმე დღეში, კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა.
არსებული ინფორმაციით, ჩატარებული კვლევების შედეგად ვირუსის არსებობა დაუდასტურდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელსა და ბუღალტერს. აღნიშნული ფაქტის გამო, გურჯაანის რესურსცენტრმა განათლების სამინისტროსთან კოორდინირებული გადაწყვეტილება მიიღო და სკოლა ორი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
თელავის ორ სკოლაში კი კოვიდ- 19 მოსწავლეებს დაუდასტურდათ. არსებული ინფორმაციით, თელავში დაფიქსირებული ორი შემთხვევიდან, ერთი, ალავერდის ეპარქიას დაქვემდებარებულ სასწავლო დაწესებულებაში გამოვლინდა.
ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კლასები, რომლებშიც მოსწავლეები სწავლობენ, ორ კვირიან იზოლაციაში გადაიყვანეს და ისინი სასწავლო პროგრამას ონლაინ- რეჟიმში გაივლიან.
თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ჯღუტაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე თელავში, სკოლების დაკეტვის აუცილებლობა არ დგას.
“თელავის ორ სკოლაში დაფიქსირდა ინფიცირების ორი შემთხვევა. ეს კლასები თვითიზოლაციაში არიან გადასულები. სკოლების დაკეტვა არ არის აუცილებელი და არც პედაგოგების იზოლაცია, რადგან მასწავლებელი იცავს წესებს, ატარებს პირბადეს და იკავებს დისტანციას”- განაცხადა ჯღუთაშვილმა.
სასწავლო პროცესი კახეთის საჯარო სკოლებში, 1 თებერვალს განახლდა. მშობლის გადაწყვეტილებით, მოსწავლეს შეუძლია, სწავლა ონლაინ- რეჟიმში გააგრძელოს, რისთვისაც ის სპეციალურ საიტზე უნდა დარეგისტრირდეს.