ლიმიტი ადამიანთა დაშვებაზე და წესები, რომლის დაცვაც რესტორნებს მოუწევთ
8 მარტიდან, რესტორნებმა შიდა სივრცეებით ქვეყნის მასშტაბით განაახლეს ფუნქციონირება. აღსანიშნავია, რომ გარკვეული შეზღუდვები რესტორნების შემთხვევაში ჯერ კიდევ მოქმედებს.
კერძოდ, კომენდანტის საათი, რაც ბიზნესის შეფასებით, ამცირებს მნიშვნელოვნად სამუშაო საათებს, ასევე შაბათ-კვირას რესტორნები კვლავ ვერ შეძლებენ მუშაობას და ამასთან, სამუშაო დღეებში რესტორნებში მისულ მომხმარებლებს ცოცხალი მუსიკის მოსმენა არ შეეძლებათ.
ჩამოთვლილი შეზღუდვების გარდა, კვების ობიექტების მიმართულებით გარკვეულწილად გამკაცრდა მოთხოვნები, რომელთა დაცვაც მოუწევთ. ერთ-ერთი სიახლე რაც არის, დაწესდა რესტორნის შიდა სივრცეში დასაშვებ პირთა რაოდენობა და ზღვარი 60 ადამიანს შეადგენს. ამაზე მეტის დაშვების უფლება კვების ობიექტს არ ექნება.
რაც შეეხება სხვა წესებს, რისი დაცვაც დახურული სივრცის კვების ობიექტებისთვის სავალდებულოა, ასე გამოიყურება: მაგიდებს შორის უნდა იყოს მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა; ერთ მაგიდასთან უნდა დასხდეს არაუმეტეს 6 ადამიანი; გამონაკლისის სახით შესაძლებელია, 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება; 1 მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია; უზრუნველყოფილი უნდა იყოს მომხარებლებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება; სასმელით მომსახურება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალურად მაგიდასთან მიტანის სერვისით.