კახეთში დღემდე კორონავირუსის 1216 შემთხვევაა დადასტურებული
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში სექტემბრიდან დღემდე რეგისტრირებულია კოვიდ 19-ის 1216 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა.
მისი თქმით, აქტიური მკურნალობის რეჟიმში იმყოფება 940 ინფიცირებული, მათგან 60 მკურნალობს კოვიდ-კლინიკებში, 859 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 21 იმყოფება კარანტინში, 268 პირი გამოჯანმრთელდა და 8 გარდაიცვალა.
,,კახეთში სულ დაფიქსირებულია 1216 შემთხვევა. მუნიციპალიტეტების მიხედვით მათი განაწილება ასეთია: ახმეტა -44, გურჯაანი -288, დედოფლისწყარო -77, ყვარელი -136, სიღნაღი – 75, ლაგოდეხი -112, თელავი – 371, საგარეჯო – 113.
3 საკარანტინე სივრცეში ამჟამად განთავსებულია 136 მოქალაქე, კოვიდ სასტუმროში -21, ხოლო სახლებში თვითიზოლაციაში იმყოფება 1822 მოქალაქე.
კახეთის რეგიონში დღემდე ჩატარებულია 35 648 PCR ტესტირება. მთავრობის ახალი განკარგულების შესაბამისად, უკვე დაიწყო და მიმდინარეობს PCR ტესტირების ანტიგენზე სწრაფი მარტივი ტესტებით ჩანაცვლების პროცესი. ინფიცირებულთაგან უმრავლესობა სიმპტომიანი პაციენტებია”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისი თქმით, კახეთის რეგიონში დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებს 2 კოვიდ კლინიკა. ერთი არქიმედეს კლინიკა ლაგოდეხში და თელავის რაიონული საავადმყოფო. ასევე 2 კოვიდ სასტუმრო: ტყუპების მარანი და ჰოლიდეი ინნ.