ცხოვრება ეტლს მიღმა- 16 წლის ნინი მაისურაძეს ისტორია
თელავში მცხოვრები 16 წლის ნინი მაისურაძე ეტლით მოსარგებლეა. ადაპტირებული გარემოს არარსებობის გამო ის სკოლაში სიარულს და გარეთ გასვლას ვერ ახერხებს.
გოგონას დედა, ნინო მაისურაძე აცხადებს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც გოგონას გარეთ გაყვანას ვერ ახერხებს. მისი თქმით, ქუჩაზე, სადაც ისინი ცხოვრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. ოჯახს კი ყოველდღიურად ტაქსის დასაქირავებელი ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს.
,,არაადაპტირებული გარემოს გამო ჩვენ დიდი პრობლემები გვექმნება. ჩემი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ფაქტობრივად ნინი სახლში ჩაჯდა და არის ტყვეობაში. აქამდე არ იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ნინის წამოზრდის შემდეგ ვერ ვსარგებლობდით ტრანსპორტით. გადაადგილებისთვის ვიძახებდით ტაქსს. იმის გამო, რომ ამისი ფინანსები არ გაგვაჩნდა, ნინი ხშირად აცდენდა სკოლას, ვერ გადიოდა გარეთ. არც დამხმარეს აყვანის შესაძლებლობა გვქონდა. ასევე ნინის სურვილია იაროს სხვადასხვა წრეებზე, მაგრამ ამისი ფინანსური შესაძლებლობაც არ გვაქვს. არის უფასო წრეები, მაგრამ გადაადგილების პრობლემაა. შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარება გვაქვს რაც მხოლოდ წამლებში იხარჯება”,– განაცხადა ნინო მაისურაძემ.
გოგონას დედა ამბობს, რომ თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოყვანამ და ამოქმედებამ გაახარათ, თუმცა ამ დრომდე არ არის დადგენილი მარშრუტები, რის მიხედვითაც ისინი გადაადგილების პრობლემის მოგვარებას შეძლებენ.
>,,თელავში ავტობუსების შემოყვანამ ძალიან გაგვახარა, თუმცა მარშრუტები ამ დრომდე არ არის შედგენილი, რომ მაგის მიხედვით დავგეგმოთ გადაადგილება. ჩემი თხოვნა და სურვილია, რომ თვითმმართველობამ მარშრუტების შედგენისას უნდა გაითვალისწინოს სასწავლო დაწესებულებები საავადმყოფოები, პირველადი საჭიროების დაწესებულებები, რომ პიროვნებებმა ვისაც ადაპტირებული ტრანსპორტი ჭირდებათ ისარგებლონ”,- განუცხადა Knews.ge-ს ნინო მაისურაძემ.
“>გოგონას დედა ასევე ქალაქში არაადაპტირებული გარემოს შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ეს პრობლემა ნინის ხელს უშლის მიიღოს სხვადასხვა აქტიივობებში მონაწილეობა ან დაესწროს ღონისძიებებს.
,,მიუხედავად ჩვენი ამდენი მუშაობის და ადვოკატირებისა, ისევ იგივე მდგომარეობაა მუნიციპალიტეტში, გარემო არაადაპტირებულია. ხშირად მხოლოდ პირველი სართულია ადაპტირებული, მაგრამ იმის იქით იქმნება გადაადგილების პრობლემა. ვერ გამოიყენებ სველ წერტილებს, ვერ გამოიყენებ ასევე მეორე სართულს, სადაც თუნდაც დარბაზია, მაგალითად სკოლის შემთხვევაში.
სრულად ადაპტირება კი ნიშნავს იმას, რომ ყველა საჭიროების მქონე ადანიანს შეეძლოს შესვლა. როცა აშენებენ შენობებს, გონიათ რომ ადაპტირება მარტო პანდუსის გაკეთებაა ესენიც იმდენად სასაცილო და მოუხერხებელია, რომ მათი გამოყენება შეუძლებელია”,-განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას ნინო მაისურაძემ.
გოგონას დედა აცხადებს, რომ კარგი იქნება თუ თვითმმართველობა სხვადასხვა მიმართულებით შშმ პირების საჭიროებებსაც გაითვალისწინებს. მისი თქმით, იმედი აქვს რომ ის საკითხები, რაც წლების განმავლობაში უწყებას მიაწოდეს, ადგილობრივ ბიუჯეტში აისახება.
შშმ პირების და მათი მშობლების დასახმარებლად და საჭიროებების ადგილობრივ თვითმმართველობამდე მისატანად ნინო მაისურაძემ სხვა აქტიურ მშობლებთან ერთად, შშმ პირების მშობლების კავშირი ,,ლამპარი“ შექმნა, რომელიც 50–ზე მეტი მშობლის აქტიურობით, მათთვის ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე 2008 წლიდან ფუნქციონირებს. ასოციაცია ადგილობრივ თვითმმართველობას სხვადასხვა სახის რეკომენდაციებს აწვდის და მის განხორციელებაში იღებს აქტიურ მონაწილეობას.
მაკა ხაზიური, თორნიკე ხალხელაური