თელავში აღმოჩენილი XI საუკუნის სასახლის ნაშთის გამო ახალი ტურისტული რუკის შექმნა იგეგმება
თელავის ისტორიულ ნაწილში აღმოჩენილი კვირიკე დიდი სავარაუდო სასახლის ნაშთი, რომელიც მე-11 საუკუნით თარიღდება, შესაძლოა ახალი ტურისტული და არქეოლოგიური რუკის შექმნის საფუძველი გახდეს.
არქეოლოგებმა კვირიკე დიდის სავარაუდო სასახლის ფრაგმენტები რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს.
ექსპედიციის ხელმძღვანელის, არქეოლოგ გიორგი ლაღიაშვილის ინფორმაციით, გათხრების შედეგად სხვა უძველესი ნაშთებიც არის ნაპოვნი.
მისივე თქმით, აღმოცენების მიხედვით ახალ ტურისტულ რუკებზე მუშაობა იგეგმება.
„ქალაქის დასავლეთ ნაწილში V-VII საუკუნეებით დათარიღებული რიგით მეხუთე ციხე-კოშკის ნაშთებსაც მივაკვლიეთ, რომელსაც თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა. XI საუკუნის სასახლის ნაშთის საფუძველზე არ არის გამორიცხული, რომ ახალი ტურისტული და არქეოლოგიური რუკა შეიქმნას.“, – განაცხადა ლაღიაშვილმა.
არქეოლოგიური გათხრები ქალაქ თელავის ისტორიულ ნაწილში ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი