რას მოიცავს თელავის მიწათსარგებლობისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გენერალური გეგმა
თელავში ქალაქის მიწათსარგებლობისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.
გეგმა მოიცავს ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის კულტურული და შემეცნებითი სივრცეების მოწყობას, საცხოვრებელი უბნების რეაბილიტაციას, ავტოსადგომების მოწყობას, ცენტრის განვითარებას და სხვა.
შპს „ატელიე არქტიქტს“ -ის წარმომადგენელი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ კასრელიშვილი განმარტავს რომ აღნიშნული გეგმა მოიცავს „ქალაქი 7 ბორცვზე“ განვითარების ხედვას.
,,შვიდი ბორცვი, რომელზეც განალაგებულია ქალაქის ისტორიული ნაწილი, ქმნის მომავალი ტურისტული განვითარების ჩარჩო-კონცეფციას. ისტორიულ კონტექსტში ქალაქი ამ ბორცვებით გარშემორტყმული ვითარდებოდა. შესაბამისად, მის მიმართ ინტერესის გაღვივებისათვის აუცილებელია ამ უნიკალური ფაქტორის გამოყენება.
თითოეული ბორცვი, როგორც ერთიანი სამკაულის ცალკეული რგოლი, უნდა ჩამოყალიბდეს როგორც მიმზიდველობის კერა თავისი განუმეორებელი ფუნქციურ-ისტორიული სახით და ამით შეიქმნას ქალაქის შემაკავშირებელი ერთიანი ტურისტული ბილიკი. ბორცვების ირგვლივ ბუნებრივად განვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, კეთილმოეწყობა საჯარო სივრცეები, დაცული იქნება იქ არსებული ისტორიული თუ არქიტექტურული ძეგლები და რეკრეაციული სივრცეები.
ამ კონცეფციის მიხედვით, შესწავლილი იქნება „თელავის ისტორიული ბილიკის“ ცალკეული უბნის მოწყობის კონცეფტუალური პროექტი, შესაბამისი ტურისტული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხედვის, არქიტექტურული გადაწყვეტებისა და ურბანული რეგულაციების გათვალისწინებით.
შედეგად, შვიდი ბორცვი გაერთიანდება ერთ ტურისტულ სარტყელში, ჰარმონიულად დაუკავშირდება ბატონის ციხეს და თეატრის მოედანს და შექმნის ტურისტული ობიექტების ერთიან განფენილობას ისტორიული ქალაქის პერიმეტრზე’’,– განაცხადა ვახტანგ კასრელიშვილმა.
მისივე განმარტებით, გეგმა ასევე მოიცავს ქალაქის ცენტრალური მოედანის განვითარებას.
ვახტანგ კასრელიშვილის თქმითვე, თელავის ცენტრალური მოედანი წარმოადგენს სატრანსპორტო და ტურისტული მარშრუტების გადაკვეთის ადგილს და შემდგომი განვითარების პერსპექტივით მნიშვნელოვანია, რომ ეს ტერიტორია იქცეს საფეხმავლო მოედნად.
,,გეგმის მიხედვით, ცენტრალური ნაწილის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გადაგეგმარების შედეგად ტერიტორიაზე იქნება 230-მდე ღია ავტოსადგომი, არსებული მდგომარეობით 250 ავტოსადგომია.
ერეკლე II-ის ქუჩისა და ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის წარმოდგენილი კონცეფციის განხორციელების შედეგად მთელი არეალი გადაიქცევა ერთიან საზოგადოებრივ სივრცედ.
ტერიტორიას შესაძლებელია დაემატოს რამდენიმე მუზეუმი, მაგალითად არქეოლოგიური, რეგიონის თავისებურებიდან გამომდინარე, ღვინის მუზეუმიც სადეგუსტაციო დარბაზით, საგამოფენო სივრცეები, პავილიონები.
არსებული თეატრის შენობაში დამატებით შეიძლება მოეწყოს კინოთეტარის დარბაზები, სახურავზე კი- რესტორანი. მოედნის გარშემო უნდა გაკეთდეს დამატებით საფეხმავლო ზონა-ბილიკები, რომლებიც გააერთიანებს ამ შიდა ეზოებს, სახლების მეპატრონეებს კი საშუალებას მისცემს რამდენიმე ფუნქციით განავითარონ საკუთარისაცხოვრებელი ფართები და ეზოები: სახლების პირველ სართულებზე შეიძლება მოეწყოს პატარა კაფეები, რესტორნები, მაღაზიები, ხოლო ზედა სართულებზე – სასტუმრო ოთახები და საცხოვრებელი.
ეს მიმართულება მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ლამაზი ეზოები, რომელთა რეაბილიტაცია და მოწესრიგება ძალიან რთულია დამატებითი ფუნქციების შეძენისა და მათი კომერციულად გამოყენების შესაძლებლობების გარეშე.
რეკონსტრუქციას საჭიროებს ასევე თეატრთან არსებული სკვერი, რომელიც დღეს ფაქტიურად გამოუყენებელი სივრცეა’’,- განაცხადა ვახტანგ კასრელიშვილმა.
მისივე თქმით, გეგმის შემუშავება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და განხორციელებას, ეკონომიკურ ზრდას, სოციალური პრობლემების წამოჭრას და მათი გადაჭრის გზებს.
„წელიწადზე მეტია რაც ვმუშაობთ ქალაქ თელავის გენგეგმაზე, სამუშაო 4 ეტაპს მოიცავდა – კვლევითი მასალები, დოკუმენტური მასალების მოძიება, საველე სამუშაოები, მოსახლეობასთან შეხვედრები, საჯარო განხილვები და ვორქშოფები.
მოგეხსენებათ, რომ ქალაქ თელავის ბოლო გენგეგმა დამუშავდა 70 წლის წინ. ამიტომ, სამუშაო ჯგუფმა საკმაოდ დიდი შრომა გასწია გენგეგმაზე მუშაობის პროცესში რომ საყრდენი მასალები მოეძიებინა.
ამის საფუძველზე მოხდა მოპოვებული მასალების გაანალიზება, შეფასდა არსებული მდგომარეობა და ის გამოწვევები და ტენდენციები რაც ქალაქს აქვს დღეს. ვეცადეთ გაგვეთვალისწინებინა ეს გამოწვევები, რათა ხელი შეეწყოს ინვესტიციის განხორციელებას, ეკონომიკურ ზრდას, ასევე სოციალური პრობლემების წანოჭრას და გადაჭრას, ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ გენგეგმა ქალაქს აძლევს სამოქმედო გეგმას თუ საით უნდა იმოქმედოს მომავალში.“- განუცხადა knews.ge-ს ვახტანგ კასრელიშვილმა.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, დოკუმენტში არის კარგად გააზრებული, თელავის ისტორიული იერსახე, მისი ისტორია, დღევანდელობა და პერსპექტივის ხედვა.
მისივე თქმით, გამოკვეთილია ის ძირითადი მიმართულებები, რაც ქალაქს როგორც ეკონომიკური, ასევე ცხოვრებისთვის უკეთესი პირობების შექმნის მიზნით სჭირდება.
,,აქ არის მოცემულობა იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ინვესტიციების განხორციელებისთვის გარკვეულწილად ხელშეწყობა, იმიტომ რომ ქალაქს მუდმივად სჭირდება განვითარება.
საჯარო განხილვის ფარგლებში, ასევე გაიმართა დისკუსია სხვადასხვა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია.
ეს დისკუსია გვიჩვენებს, რომ ამ გეგმის შემუშავებამ სწორ კალაპოტში ჩააყენა და მოაქცია ქალაქის მომავალი განვითარება. რაც ჩვენ გვაძლევს იმის ღრმა რწმენას, რომ ეს ქალაქი დაზიანებით არ განვითარდება, არამედ განვითარდება ჰარმონიულად და სრულყოფილად“- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
თელაველები აღნიშნული გეგმის შემუშავებას დადებითად აფასებენ.
მათი თქმით, აუცილებელია მოხდეს დოკუმენტის დახვეწა და მასში ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინება.
,,განაშენიანების რეგულირების გეგმა მნიშვნელოვანია თელავისთვის იმიტომ, რომ აქამდე ქალაქის განვითარება ხდებოდა ქაოტურად, ახლა კი მოხდება გეგმის მიხედვით.
მომეწონა როგორც მოქალაქეს და თელაველს, რომ გეგმაში გათვალისწინებულია თელავის როგორც კულტურული მემკვიდრეობის ქალაქის განვითარება. რაც მნიშვნელოვანია, ასევე ტურისტებისთვის და ადგილობრივებისთვის საინტერესო სივრცეების შექმნა.
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს ჯერ განხილვის პროცესი მიმდინარეობს. რაც შეეხება გეგმით გათვალისწინებულ ქალაქის ცენტრის განვითარების ხედვას, რომელიც ითვალისწინებს ’’,-განაცხადა თელავის მკვიდრმა არჩილ მჭედლიშვილმა.
ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი