რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება თელავში- რადიო ,,კახეთის ხმის” ღია ეთერი
ონლაინ რადიო ,,კახეთის ხმა” ახალი პროექტის „ღია სტუდია“ ფარგლებში, რიგით მეორე გადაცემა დღეს 17:00 საათზე გავა პირდაპირ ეთერში.
გადაცემას კახეთის ხმის ჟურნალისტი ნატალია ცისკარაშვილი გაუძღვება. მისი თქმით, დღევანდელი გადაცემის თემაა ,,თელავის 2021 წლის ბიუჯეტი და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები”.
,,დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ, კონკრეტულად კი, ინფრასტრუქტურის მიმართულებაზე. თელავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 23 მილიონ 14 ათას 500 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებს ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა და გარემოს დაცვა წარმოადგენს. უფრო კონკრეტულად, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმდინარე წელს 6 მილიონ 733 ათასი ლარია განსაზღვრული. რა ძირითადი სამუშაოებია დაგეგმილი ქალაქისა და სოფლების განვითარებისათვის ამ საკითხებზე დღეს გადაცემაში ვისაუბრებთ”,– განაცხადა ნატალია ცისკარაშვილმა.
გადაცემის სტუმრები იქნებიან თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი დავით ქსოვრელიშვილი და მოქალაქე არჩილ მჭედლიშვილი.