თელავში „ისტორიული შვიდი ბორცვის“ ტურისტული მარშრუტის განვითარებისთვის სამუშაოები დაიწყება
თელავში „ისტორიული შვიდი ბორცვის“ ტურისტული მარშრუტის განვითარებისთვის სამუშაოები განხორციელდება.
დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ დღეს თელავში საპრეზენტაციო მასალები წარადგინეს. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში, ქალაქ თელავში, დაიწყება განახლების ახალი ტალღა, რაც გულისხმობს „ისტორიული შვიდი ბორცვის“ ტურისტული მარშრუტის განვითარებას, რომელზეც ქალაქი თელავია გაშენებული.
,,პროექტის ფარგლებში, ქალაქ თელავში მოეწყობა შემდეგი ტურისტული ინფრასტრუქტურა: პარკირება და ბილიკი ზუზუმბოს გორაზე, ხიდთან მისასვლელი გზა, ზუზუმბოსა და დაბახნევის ბორცვების დამაკავშირებელი ხიდი, ბილიკები გიგოს გორასა და დაბახნევის ბორცვზე. ასევე სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება – ერეკლე მეორის ქუჩის, ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლის ცენტრალური ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას თეატრის სარდაფის რეაბილიტაცია.
რაც შეეხება, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონს, უკვე დაწყებულია სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რომლის დასრულების შემდეგ, გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების დაწყებაზე. ასევე ქალაქ თელავში, ისტორიული სტადიონის ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყება”,- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.
პრეზენტაციებს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი შენგელია, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრნენ.
„თელავის მოსახლეობას წარვუდგინეთ ქალაქის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი „თელავი 7 ბორცვზე“. პროექტის ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ლარია. მისი შემუშავება უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს პროცედურები, რომლის დასრულების შემდეგაც მუნიციპალური განვითარების ფონდი სამუშაოებზე ტენდერს გამოაცხადებს”, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.