არჩევნები 2020 – კახეთი 2 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს
2020 წლის მოწვევის პარლამენტში კახეთის რეგიონი 2 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.
2020 წლის გაზაფხულზე მძაფრი დებატების, საერთაშორისო ზეწოლისა და აქციების ფონზე მთავრობამ მხარი დაუჭირა კონსტიტუციის ცვლილებებს.
შეთანხმების მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით, 1%-იანი ბარიერით და კიდევ ერთი შეზღუდვით ჩატარდება: პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. ხანგრძლივი ,,ნერვების ომის“ შემდეგ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შესაბამისი დოკუმენტი, დეკლარირებული ვალდებულებებით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე, 8 მარტს, გაფორმდა. შეთანხმებას ყველა პარტიამ მოაწერა ხელი.
საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად კახეთის რეგიონში 2 საარჩევნო მაჟორიტარული ოლქი შეიქმნა:
- N 10 თელავი-ახმეტა-ყავრელი-ლაგოდეხის ოლქი, სადაც 153,609 ამომრჩეველია რეგისტრირებული. პოლიტიური პარტიების მიერ წარდგენილია 18 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მათ შორის 4 ქალი.
- N9 გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 149,562 ამომრჩეველი, ხოლო პარტიების მიერ წარდგენილია 19 დეპუტატობის კანდიდატი, რომელთა შორის 4 ქალია.
,,ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რადაგან 2024 წლიდან სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართ და შესაბამისად, ეს დაყოფა იქნება ერთჯერადი. ერთი მხრივ, ეს იყო შიდა ზეწოლის, მოქალაქეებისა და პოლიტიკური პარტიების აქტიურობის მიზეზი და მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში. რომ არა მათი მონდომება და სურვილი, რომ კონსენსუსი ყოფილიყო, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, მათი ჩარევის გარეშე, ამას ვერ მოახერხებდა. მიღწეულია ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სისტემა იძლევა შედარებით თანაბარ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ პარლამენტი იყოს მრავალპარტიული და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი იყოს წარმოდგენილი. ისინი, რომლებსაც, რა თქმა უნდა, მხარს საქართველოს მოსახლეობა დაუჭერს.“ – განმარტავს ნიკოლოზ შარვაშიძე, რომელიც თელავის დემოკრატიის სკოლას ხელმძღვანელობს.