ახალი ამბები

18 თანამდებობის პირის დეკლარაციიდან კახეთში უარყოფითი შეფასება 11- მა მიიღო

საჯარო სამსახურის ბიურომ, 2020 წლის, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში გამოაქვეყნა.
მონიტორინგის ფარგლებში კახეთის რეგიონში შემოწმებული 18 თანამდებობის პირის დეკლარაციიდან უარყოფითი შეფასება მიიღო 11-მა, 7-მა დადებითი. უარყოფით შეფასებასთან ერთად გაფრთხილება მიიღო ოთხმა მათგანმა.

საგარეჯო

საჯარო სამსახურის ბიუროს უარყოფითი შეფასება მიიღო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა. მას დეკლარაციაში აღმოაჩნდა ცდომილება თანამდებობის პირის საბანკო ანგარიშის ნაშთში. გარდა ამისა, დეკლარაციაში არ იყო მითითებული თანამდებობის პირის საბანკო ანგარიშები და ინფორმაცია თანამდებობის პირის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. ასევე არ იყო მითითებული თანამდებობის პირისა და ოჯახის წევრის ხელშეკრულება.

უარყოფითი შეფასება მიიღო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ოთარ ჩალათაშვილმა. საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, მის დეკლარაციაში იყო ცდომილება თანამდებობის პირისა და ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშების ნაშთში. ასევე დეკლარაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში. აგრეთვე ბიუროს მიერ მოთხოვნილი საბანკო ინფორმაციის ნაწილის წარმოუდგენლობა, თანამდებობის პირის ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობის არ ასახვა და ცდომილება თანამდებობის პირის ოჯახის წევრების ანაზღაურებაში.
დეკლარაციაში ასევე არ არის მითითებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრის ანაზღაურება, თანამდებობის პირის ხელშეკრულებები და ბიუროს მოთხოვნის მიუხედავად არ არის წარმოდგენილი მისი ხელშეკრულება.

დადებითი შეფასება მიიღო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო-ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ელდარ მეფარიძემ.

თელავი

საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშში მოხვდა ინფორმაცია თელავის მუნიციპალიტეტში 3 თანამდებობის პირის დეკლარაციის შესახებ.
უარყოფით შეფასებასთან ერთად გაფრთხილება მიიღო თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა. მის დეკლარაციაში თანამდებობის პირის სამეწარმეო საქმიანობა არ იყო ასახული.
უარყოფითი შეფასება ასევე მიიღო თელავის საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარემ დავით გოგოშვილმა, რომელსაც დეკლარაციაში მითითებული არ ჰქონდა თანამდებობის პირის ოჯახის წევრის უძრავი ქონება.
დადებითი შეფასება მიიღო თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნათია ვაყელიშვილმა.

ყვარელი

ყვარლის მუნიციპალიტეტში შემოწმებული 4 დეკლარაციიდან, ორმა უარყოფითი და ორმა კი დადებითი შეფასება მიიღო.
უარყოფითად შეფასდა ყვარლის მერის, როსტომ სესიაშვილის დეკლარაცია. ბიუროს ინფორმაციით, მას დეკლარაციაში არ ჰქონდა მითითებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრის უძრავი ქონება, ასევე იყო ცდომილება მისი ოჯახის წევრის უძრავი ქონების ფართში, თანამდებობის პირის საბანკო ანგარიშის ნაშთში და პირის ხელშერკულების მატერიალურ შედეგში.დეკლარაციაში არ იყო მითითებული თანამდებობის ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები; არ იყო თანამდებობის პირის და ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა ასახული და არ იყო ხელშეკრულება წარმოდგენილი.

ასევე უარყოფითად შეფასდა ყვარლის საკრებულოს თავმჯდმარის, დავით ქევხიშვილის დეკლარაცია. მის დეკლარაციაში იყო ცდომილება თანამდებობის პირის უძრავი ქონების ფართში, მისი და ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშის ნაშთში; დეკლარაციაში არ იყო მითითებული თანამდებობის პირის საბანკო ანგარიში, არ იყო ასახული მისი და ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა, არ იყო მითითებული თანამდებობის პირის მიერ ერთჯერადად მიღებული შემოსავალი, რომლის ოდენობაც აღემატებოდა 3000 ლარს.

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დადებითად იქნა შეფასებული ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის გოჩა მაისურაძეს და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მაია ავაზაშვილის დეკლარაციები.

ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შემოწმებული 3 დეკლარაციიდან, 2-მა დადებითი, ხოლო ერთმა უარყოფით შეფასებასთან ერთად გაფრთხილებაც მიიღო.
ბიუროს მიერ დადებითად შეფასდა საკრებულო თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ღამბაშიძეს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის გიორგი ჩალათაშვილის დეკლარაციები.
უარყოფითი შეფასება და გაფრთხილება მიიღო სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თემურ ჯავაშვილმა. მის დეკლარაციაში მითითებული არ იყო ინფორმაცია თანამდებობის პირის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

გურჯაანი

საჯარო სამსახურის ბიუროს დადებითი შეფასება მიიღო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.
უარყოფითი შეფასება კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ გივი რამაზაშვილმა. მის დეკლარაციაში არ იყო მითითებული თანამდებობის პირის და მისი ოჯახის წევრის უძრავი ქონება, თანამდებობის პირის მოძრავი ქონება , მისი საბანკო ანგარიში და ინფორმაცია სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. ასევე მონიტორინგის პროცესში ბიუროს მოთხოვნილი დოკუმენტაცია არ წარუდგინა.
უარყოფითად შეფასდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილის, ნიკა გეთიაშვილის დეკლარაცია. ბიუროს ინფორმაციით, მან არ წარმოადგინა მოთხოვნილი თანამდებობის პირის და ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები და ხელშეკრულებები. ასევე დეკლარაციაში არ იყო მითითებული ინფორმაცია თანამდებობის პირის და მისი ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

დედოფლისწყარო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შემოწმებული ორი თანამდებობის პირის დეკლარაციიდან, ორივემ უარყოფითი შეფასება და გაფრთხილება მიიღო.
უარყოფითად შეფასდა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მალხაზ მერაბიშვილის დეკლარაცია. ბიუროს ინფორმაციით, მას დეკლარაციაში მითითებული არ ჰქონდა თანამდებობის პირის და მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშები, პირადი და მისი ოჯახის წევრის ანაზღაურება, (ზეპირი)ხელშეკრულებები, ერთჯერადი გასავალი, რომლის ოდენობაც აღემატება 5000 ლარს და ერთჯერადი შემოსავალი, რომლის ოდენობაც აღემატება 3000 ლარს. ასევე იყო ცდომილება თანამდებობის პირის და მისი ოჯახის წევრის ანაზღაურებაში. მან ასევე არ წარმოადგინა საბანკო ანგარიში.

გაფრთხილება და უარყოფითი შეფასება მიიღო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ გივი გიგაურმა. მას დეკლარაციაში არ ჰქონდა მითითებული ინფორმაცია თანამდებობის პირის ოჯახი წევრის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. ასევე ცდომილება იყო მისი უძრავი ქონების ფართში, თანამდებობის პირის და მისი ოჯახის წევრის ანაზღაურებაში.

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიურო 2017 წლიდან ახორციელებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც მოწმდება კანონმდებლობის საფუძველზე შერჩეული თანამდებობის პირების მიერ ქონებრივ დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების სიზუსტე და სისრულე.

2020 წლის განმავლობაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შესამოწმებლად შერჩეულ 352 თანამდებობის პირიდან მონიტორინგი განხორციელდა 349 დეკლარაციაზე. დადებითად შეფასდა 134 თანამდებობის პირის დეკლარაცია, დაჯარიმდა – 177, გაფრთხილება მიეცა – 29 და მონიტორინგი შეწყდა – 8 თანამდებობის პირზე, რის მიზეზსაც წარმოადგენდა ის გარემოებები, რომ რიგ შემთხვევაში, თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადადგომიდან, მისი დეკლარაციის შერჩევამდე, გასული იყო ერთ წელზე მეტი ვადა,თანამდებობის პირი გარდაიცვალა ან თანამდებობის პირთან ვერ მოხერხდა დაკავშირება, ვინაიდან მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდგომ ის საცხოვრებლად იმყოფებოდა საზღვარგარეთ.

15 მუნიციპალიტეტის მერიდან დადებითი შეფასება მხოლოდ 4-მა დაიმსახურა, 11-მა – უარყოფითი. 11-დან სამმა კი, უარყოფით შეფასებასთან ერთად, გაფრთხილებაც მიიღო.

,,დეკლარაციების შემოწმების ფარგლებში გამოვლენილი ძირითადი დარღვევები, შედარებით მსუბუქი ხარისხისაა წინა წლებში გამოვლენილ დარღვევებთან შედარებით. ასევე, ზოგიერთ არაარსებით დარღვევაზე და უმნიშვნელო შეუსაბამობაზე კანონში შეტანილი ცვლილებიდან გამომდინარე, თანამდებობის პირებს აღარ დაეკისრათ ჯარიმა და ბიურო მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა ან აღნიშნული ქმედება აღარ იქნა მიჩნეული დეკლარაციის უარყოფითად შეფასების საფუძვლად.
შემცირდა ასევე უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებელი თითქმის განახევრდა. აღსანიშნავია, რომ თავად დარღვევის ფორმებიც და ხარისხიც ბევრად უფრო მსუბუქია წინა წლებთან შედარებით. მონიტორინგმა აჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევაში დეკლარაციაში დაშვებული შეცდომა უკავშირდება თანამდებობის პირის ოჯახის წევრის მონაცემების არასწორად ასახვას. უარყოფითად შეფასებულ დეკლარაციათა 62%-ს უარყოფითად შეფასება განაპირობა სწორედ ამ ფაქტორმა”,-
აცხადებენ საჯარო სამსახურის ბიუროში.