ახალი ამბები

შესაძლოა, ბიზნესსექტორისთვის კორონავირუსზე ტესტირება სავალდებულო გახდეს

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ბიზნესსექტორისთვის კორონავირუსზე ტესტირება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. მისი განმარტებით, ბაზრობები და მუნიციპალური ტრანსპორტი სენსიტიური თემა და პრიორიტეტია.

„ამ მიმართულებით ვმართავთ გადაუდებელ შეხვედრებს, რომ ახალი სტანდარტები შემოვიღოთ. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ მოსაზრებები გვაქვს და ამას ბიზნესთან ერთად გავივლით. მხოლოდ ამის შემდეგ ვიმსჯელებთ საბოლოოდ საკოორდინაციო საბჭოზე“, – აღნიშნავს თურნავა.

მისივე თქმით, კორონავირუსზე საკუთარი თანამშრომლების პერიოდულ ტესტირებას თავისი სურვილით ბევრი კომპანია მიმართავს.

,,ეს ბიზნესის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია და ერთგვარი მარკეტინგული ხერხიცაა. მომხმარებელი მიდის იქ, სადაც იცის, რომ უსაფრთხოდ მოემსახურებიან. ამდენად, სავალდებულო იქნება ყველასთვის თუ ბიზნესის ნაწილისთვის, ან რა ფორმით, ამაზე ვმუშაობთ და ამისთვის არის სწორედ ეს შეხვედრები. თუმცა, ვფიქრობ, თანამშრომლების პერიოდული ტესტირება, საკმაოდ კარგი გარანტიაა იმისთვის, რომ ეს ბიზნესი უსაფრთხოდ იფუნქციონირებს“, – განაცხადა თურნავამ.