როგორი იქნება პარლამენტი ოპოზიციის გარეშე– რას ფიქრობენ თელავში
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საქართველოს პარლამენტში 9 პოლიტიკური პარტია შევიდა.
ცესკოს მიერ გამოცხადებული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, 150–დან 90 მანდატი ,,ქართულ ოცნებას“ ერგო, დანარჩენი კი 8 ოპოზიციურ პარტიაზე გადანაწილდა.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების შედეგებს არ ენდობიან და აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა არჩევნები თავის სასარგებლოდ გააყალბა. მათ ქუჩის პროტესტის გარდა, ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტში შესვლას და მანდატებზე უარი თქვეს.
მიუხედავად ამისა, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უკვე გაიმართა.
ნაციონალური მოძრაობის ახმეტის ორგანიზაციის თავმჯდომარე, შაქრო ტერტერაშვილი განმარტავს, რომ დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობა არჩევნების გაყალბების შედეგად შეიქმნა და ის ქართველი ხალხის ნებას ვერ გამოხატავს.
,,პირველ რიგში პარლამენტი უნდა გამოხატავდეს ქართველი ხალხის ნებას, დღევანდელი პარლამენტი კი გაყალბებული არჩევნების შედეგად არის შექმნილი და ცხადია ხალხის ნებას არ გამოხატავს. ის შემადგენლობა, რომელიც იჩემებს, რომ ხელისუფლებაშია, არის მავნებელი. ვფიქრობ პროტესტი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ არ იქნება ხელახალი არჩევნები“,– განუცხადა knews.ge-ს შაქრო ტერტერაშვილმა.
თბილისსა და სხვა რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების და ოპოზიციის პროტესტის პარალელურად, ერთი კვირაა თელავის თეატრის წინ გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტებმა კარვები გაშალეს.
ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
თბილისიდან ჩამოსულ გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტებს, შეუერთდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად.
,,ვაპროტესტებთ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და რამდენიმე დღეა ვმართავთ აქციებს თელავის თეატრის წინ. ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს’’,– განაცხადა აქციის ორგანიზატორმა დავით დავითაშვილმა.
,, ქართული ოცნებიდან“ თელავის–ყვარლის–ახმეტის და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი განმარტავს, რომ მრავალპარტიული პარლამენტის მუშაობა ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების განცხადებები და ქმედებები ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას ემსახურება და ტყუილზეა დამყარებული.
,,პარლამენტი არის ორგანო, სადაც პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ წარმოდგენილი. ამომრჩეველმა ამ არჩევნებზე სწორედ 9 პოლიტიკურ პარტიას მისცა მანდატი. ოპოზიციური პარტიების განცხადებები, რომ არჩევნები იყო გაყალბებული და ამიტომ ისინი არ შევლენ პარლამენტში, არის ყოველგვარ ობიექტურ საფუძველს მოკლებული. ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებში მთელი ამ პროცესის განმავლობაში ფასილიტატორი ელჩები იყვნენ ჩართული და სწორედ იქ გამოიკვეთა, რომ მათი განცხადებები მხოლოდ პოლიტიკურია და მათ არცერთი რეალური არგუმენტი არ აქვთ. მათ ყველა შეთავაზებაზე, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ’’ გააკეთა ელჩებთან თანდასწრებით იყო უგულებელყოფილი. ეს შეეხებოდა მაგალითად, უბნების გახსნას, ხმების ხელახალ დათვლას და სხვა. მათაც იციან, რომ რეალურად არანაირი გაყალბება არ მომხდარა. ეს ყველაფერი კი ემსახურება დესტაბილიზაციის შემოტანას. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მრავალპარტიულობა და იგივე იმ ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შემოსვლა, რომელიც ამომრჩევლის ნება –სურვილსაც აღასრულებს’’,– განუცხადა Knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველო’’.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ერთპარტიული პარლამენტი ვერ შეასრულებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას, ვერ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას და მთავრობის კონტროლს.
,,ერთპარტიული პარლამენტი ვერ შეასრულებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას, ვერ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას და მთავრობის კონტროლს. პარლამენტის თანამდებობები სრულად ვერ დაკომპლექტდება და ბევრ გადაწყვეტილებას პარლამენტი ვერ მიიღებს ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო.
ოთხმოცდაათი წევრით წარმოდგენილი პარლამენტი ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიღებასაც 100 ან 113 ხმა სჭირდება და ძალიან გართულდება 90 ხმის მობილიზებაც. ასეთი გადაწყვეტილება კი არაერთია.
პარლამენტი სრული შემადგენლობის ორი მესამედით (100 ხმა) იღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ასევე კანონს სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ. პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეოთხედით (113 ხმა) იღებს კონსტიტუციურ კანონს ერთი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში.
პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით (90 ხმა) ირჩევს სახალხო დამცველს, ამტკიცებს საკონსტიტუციო შეთანხმებას, ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უნდობლობას უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს.
პარლამენტი სრული შემადგენლობის ორი მესამედით(100 ხმა) ახორციელებს პრეზიდენტის იმპიჩმენტს.
პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეოთხედით (113 ხმა) ახორციელებს იმ ხელშეკრულების რატიფიცირებას, დენონსირებას და გაუქმებას, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ამასთან, „საერთაშორიო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, თანამდებობის პირების ნაწილთა ადგილები ვაკანტური დარჩება.
მათივე ცნობით, ვერ შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია და ეთიკის საბჭო. ასევე, პარლამენტში დებატები აზრს დაკარგავს.