სოფელ მატანიდან ემიგრაციაში წასული ხელოვანი ქალის ნაქარგები
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის მკვიდრი ნინა წიკლაური ბავშვობიდან ქარგავს.
მისი თქმით, ნამუშევრებს არა გაყიდვის მიზნით, არამედ ხელსაქმის სიყვარულის გამო ამზადებს.
მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 13 წელია საბერძნეთში ემიგრაციაშია წასული, საყვარელ საქმეს თავს არ ანებებს და სხვადასხვა ნამუშევრებს ისევ ქმნის.
,, 13 წელია ემიგრაციაში ვარ, რა თქმა უნდა ძნელია ამდენი წლელი იყო შვილების და ქვეყნისგან შორს, მაგრამ იყო ეკონომიკური პრობლემა და გადავწყვიტე წამოსვლა. იმედი მაქვს მალე დავბრუნდები საქართველოში.
რაც შეეხება ქარგვას, ბავშობიდან მიყვარს. ბებია მთიულია და ეტყობა აქედან გამომყვა ქარგვის ნიჭი და სიყვარული. სულ ვქარგავ, რამდენი ნამუშევარი მაქვს არ დამითვლია. ვქარგავ ნებისმიერ დროს. საქართველოში ამით წინ წასვლა და შემოსავლის მიღება რთულია, რადგან ეს არავის აინტერესებს’’,– განუცხადა knews.ge–ს ნინა წიკლაურმა.
მისი თქმით, ნამუშევრებს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით არ ქმნის, თუმცა რამდენიმე ნამუშევარი უცხოელებმა იყიდეს.
მისი ხელნაკეთი ნამუშევრები ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.
,,არ ვაკეთებ ნაქარგს იმ მიზნით რომ გავყიდო, არ მემეტება. იყო შემთხვევა, რამდენიმე ნამუშევარი გავყიდე საბერძნეთში. ამერიკიდან იყვნენ ჩამოსულები, ნახეს ჩემი ნაქარგები და მოეწონათ. ნაქსოვი ჯემპრები და ნაქარგი გეტრებიც გამიყიდია’’,– აცხადებს ნინა წიკლაური.
ნინა ამბობს, რომ ნამუშევრებს საკუთარი დიზაინით ქმნის. თავადვე არჩევს მის ზომას და ფორმას.
გარდა ქარგვისა, ის ჩანთებსაც კერავს, რომელიც ასევე დიდ მოწონებას იმსახურებს.
,, ნაქარგი ძირითადად იქმნება საქარგი ძაფით, რომელსაც ,,მულინეს’’ ეძახიან. საჭირო ქსოვილის ყიდვა კი ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი. ჩემი ნაქარგები ზოგი ერთ მეტრზე დიდია, ზოგიც პატარა. გააჩნია რა გინდა დაქარგო. ქარგვას ისევ გავაგრძელებ, ეს ჩემი ცხოვრების თანამგზავრია’’,– აცხადებს ნინა წიკლაური.
სოფელ მატანიდან ემიგრაციაში წასული ხელოვანი ქალის ნაქარგები, რომელიც საქართველოსა და უცხოეთში დიდ მოწონებას იმსახურებს