ახალგაზრდა მკერავის ორიგინალური პირბადეები თელავიდან
თელავში მცხოვრები 25 წლის ახალგაზრდა ნია ყურბანოვა 5 წელია ტანსაცმელს კერავს. მისი თქმით, ხელსაქმე თავიდან უმუშევრობის გამო გადაწყვიტა შეესწავლა.
სწავლის შემდეგ კი უკვე 3 თვეში თავისი დიზაინით ტანსაცმლის კერვა დაიწყო. მისი თქმით, თავიდან საქმეც და მომხმარებლების მოზიდვა გაუჭირდა, თუმცა საქმეს თავი არ დაანება. ახალგაზრდა განმარტავს, რომ სწორედ დაუღალავი მუშაობის შედეგია, რომ მას ახლა საკუთარი სამკერვალო აქვს.
“თავიდან ყველაფერი რთულად იყო. გამიჭირდა ხალხის მოზიდვა, ვკერავდი იმ ნაჭრისგან რაც გარდერობში მქონდა. თუმცა ნელ-ნელა წინ და წინ ვდგამდი ნაბიჯებს, პირველი სამკერვალო სოფელში გავხსენი სახლში. ცოტა, მაგრამ მსურველები მაინც მყავდა. ახლა თელავში უკვე მაქვს ჩემი სამკერვალო. ვკერავ შეკვეთით და სხვებსაც ვასწავლი კერვას”,– განუცხადა kNEWS.GE-ს ნია ყურბანოვამ.
ნია კუბანოვას თქმით, მან რამდენიმე კვირის წინ ტანსაცმელების კერვასთან ერთად ორიგინალური პირბადეების დამზადება დაიწყო, რომელსაც როგორც თავად ამბობს დიდი გამოხმაურება და დაინტერესება მოყვა.
“კაბას ვკერავდი გიპიურით, როდესაც დამებადა იდეა პირბადეზეც მიმემაგრებინა. ვცადე და შედეგმა მეც გამაკვირვა, ხალხშიც დიდი დაინეტერესება გამოიწვია და შეკვეთებიც უკვე მივიღე”,– განუცხადა Knews.ge–ს ნია ყურბანოვამ.
მარიამ ოქროცვარიძე