თელავის კოვიდ კლინიკა 70 საწოლზეა გათვლილი
თელავის ცენტრალური საავამყოფო, კოვიდ კლინიკად მუშაობას ხვალიდან დაიწყებს. კორონავირუსით ინფიცირებული პირების მისაღებად კლინიკა აღჭურვილია სათანადო ტექნიკით და ხელოვნური სუნთქვის აპარატებით. კლინიკა 70 საწოლზეა გათლილი.
აღნიშნულ საკითხზე კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შიოშვილმა ბრიფინგი გამართა. მან რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, კოვიდკლინიკების გარდა, თელავში გაიხსნა მეორე კოვიდსასტუმრო, სადაც ექიმთან ერთად მოქალაქეებს გადამზადებული კადრები მოემსახურებიან.
“დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, რეგიოში ეპიდვითარება სტაბილური და კონტროლირებადია. ადგილობრივი ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმისათვის,რომ ეს სტაბილური ვითარება შენარჩუნდეს. რეგიონში სპეციალური აპარატურით და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებულია ორი საავადმყოფო, რომელიც კოვიდკლინიკის სტატუსს შეიძენს და სადაც ხვალიდან კოვიდინფიცირებულების გადაყვანა და მათი მკურნალობა მოხდება”– განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.
თელავის გარდა, კოვიდკლინიკად გადაკეთდა ლაგოდეხის “არქიმედეს” საავადმყოფო, რომელიც 30 საწოლზეა გათვლილი.
ბოლო 24 საათში, რეგიონში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.