გურჯაანში ოპოზიცია საოლქო კომისიის გადაწყვეტილებებს აპროტესტებს
გურჯაანში, მე-9 საოლქო-საარჩევნო კომისიისაგან ოპოზიციური პარტიები ,,ნაციონალური მოძრაობა” და ,,ლელო” არჩევნების დღეს დაწერილი საჩივრების განხილვისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვს. ისინი საოლქო კომისიის გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ.
საჩივრების განხილვას ხმაური მოჰყვა. ოპოზიციური პარტიების წევრები მხარდაჭერებთან ერთად შეიკრიბნენ და გურჯაანის მეცხრე მაჟორიტარული ოლქის მიერ საჩივრებზე გამოტანილი გადაწყვეტილებები გააპროტესტეს. მათი განცხადებით, კომისიამ მათი მნიშვნელოვანი საჩივრები არ დააკმაყოფილა, მათ შორის ისეთებიც, რომელიც დალუქული ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ეხებოდა.
აქციის მონაწილე, ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, თემურ ბუწაშვილი აცხადებს, რომ შემაჯამებელი ოქმების ბალანსი თითქმის ყველა უბანზე დაირღვა, თუმცა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, გუშინ არც ერთი საჩივარი არ განიხილა.
მისი განცხადებით, პასუხისმგებელმა პირებმა რეაგირება არ მოახდინეს ისეთ დარღვევებზე, რომლებიც ეხებოდა გამქრალ ბიულეტენებს, ხელმოწერებს, რადგან ისისნი მისულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე ბევრად მეტი იყო და სხვა.
,,გუშინ ღამით ე.წ საოლქომ, რომელიც ღამის ნოტარიუსიად იქცა, უგულებელყო საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებული დარღვევები და გადაცდომები. 51-ე საარჩევნო უბნიდან უმრავლესობაში შემაჯამებელი ოქმები არის გაყალბებული, დაკარგულია ბიულეტინები, უბნების უმრავლესობაში ასევე მეტობაა ხელმომწერების, გაბათილებულია 2000-მდე ბიულეტინი, რომლის უმრავლესობა ოპოზიციურ კანდიდატებს და პარტიებს ეკუთვნის. ამ უმძიმესი დარღვევების ფონზე საოლქომ არ ჩათვალა მიზანშეწონილად, რომ კონკრეტული სამართალდარღვევის მიმართ მოეხდინა რეაგირება”,- განუცხადა knews.ge-ს ბუწაშვილმა.
მისივე თქმით, კვირას სამ საათზე ქვეყნის მთავარ გამზირზე, ქართველი ხალხი მოითხოვს არჩევანის თავისუფლებას და ახალ არჩევნებს, რომელიც უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად, სადაც არავინ იძალადებს მოქალაქის თავისუფალ ნებაზე. საოლქო კომისიას რეაგირებისკენ მოუწოდებს ,,ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენელი გურჯაანში.
,,ძალიან ბევრი დარღვევასთან გვქონდა საქმე. იყო საპროცედურო დარღვევები, ამოშლილი ხმები, ჩასწორებული ოქმები. ამაზე გვინდოდა რეაგირება მომხდარიყო და ასევე ხელახდა დათვლა აღნიშნულ უბანზე, თუმცა საოლქომ არ გაითვალისწინა ეს მოთხოვნა. ფორმალურად ერთი მაინც განეხილათ, მაგრამ ესეც არ გააკეთეს”,- განაცხადა ,,ლელო საქართველოსთვის” გურჯაანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ედიშერაშვილმა.
გურჯაანის მე-9 საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მაია ჩუთლაშვილის თქმით, მათთან 80-მდე საჩივარი შევიდა, სადაც ძირითადად პროცედურული და ტექნიკური ხასიათის დადღვევებზე იყო საუბარი. ეს კი მისივე განცხადებით, არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა.
მაია ჩუთლაშვილის თქმითვე, აღნიშნულ უბნებზე ხმის ხელახალი გადათვლის შესახებ მოთხოვნას კენჭი კომისიამ უყარა, თუმცა მათ აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირეს.
,,კომისიამ იმსჯელა და საჩივრებზე ობიექტური გადაწყვეტილებები გამოიტანა. იყო დაყენებული მოთხოვნა უბნებზე ხმის დათვლასთან დაკავშირებით. დადგა ეს საკითხი კენჭისყრაზე და კომისიამ ამ გადაწყვეტილებას არ დაუჭირა მხარი. შესაბამისად მეც ვთვლი, რომ არ იყო გახსნის საჭიროება”,- განაცხადა მაია ჩუთლაშვილმა.