ISFED- აქციის დაშლის მცდელობისას პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გადამეტებული ძალის გამოყენებას
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნები” 8 ნოემბერს, ოპოზიციის მიერ თბილისში ჩატარებულ აქციას ეხმაურება.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საპროტესტო აქციის დროს ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას.
”სამართლიანი არჩევნები” გამოხატავს უკიდურეს აღშფოთებას 8 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.
,,მიგვაჩნია, რომ აქციის დაშლის მცდელობისას პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გადამეტებული ძალის გამოყენებას. სრულიად უსაფუძვლოდ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი. გავრცელდა ასევე ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ, რაც უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საგულისხმოა, რომ წყლის ჭავლის გამოყენებისას აქცია საწყის ფაზაში იყო. იმდენად, რამდენადაც იგი არ გასცდენია მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და კანონიერ ფარგლებს, არ არსებობდა ძალის გამოყენების საფუძველი. ამის მიუხედავად, მონაწილეების წინააღმდეგ სრულიად არაპროპორციული ძალისმიერი მეთოდები იქნა გამოყენებული ისე, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ მომხდარა აქციის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება.
მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, არ გამოიყენონ ძალისმიერი მეთოდები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და უზრუნველყონ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეუფერხებლად განხორციელება”,-განაცხადეს ორგანიზაციაში.