კალაძე: პოლიცია იძულებული ხდება მომიტინგეთა თავდასხმა წყლის ჭავლით მოიგერიოს
„ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები, შეიძლება წარმოვადგენდეთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, ვიყოთ სხვადასხვა პლატფორმებზე, მაგრამ ყველამ მინდა გაითვალისწინოს ერთი რამ ,რომ ჩვენ ყველას გვაქვს ერთი სამშობლო.
არავისთვის არ არის სასიამოვნო საყურებელი არც ის, როგორ ესვრიან პოლიციელებს ქვებს მომიტინგეები, როგორ ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და ცესკოს შენობაში შეჭრას და არც ის, არ არის სასიამოვნო , რომ პოლიცია იძულებული ხდება მომიტინგეთა თავდასხმა წყლის ჭავლით მოიგერიოს.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა, 31 ოქტომბერს დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, მილიონამდე ადამიანმა “ქართულ ოცნებას” გამოუცხადა ნდობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით მთავრობას “ქართული ოცნება” დააკომპლექტებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, პოლიტიკურ პარტიებს, ნუ აყვებიან ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა და არეულობის ინსპირაციაა.
მანვე მოუწოდა ოპოზიციას ხმების გადათვლის პროცესი არ შეაფერხონ. „თუ ვინმეს მიაჩნია, რომ კონკრეტული საარჩევნო უბნების მონაცემებთან მიმართებით ლეგიტიმური პრეტენზია აქვს, მოვუწოდებთ ყველას, დესტრუქციული ქმედებებით ნუ შეაფერხებენ მათივე საჩივრების საფუძველზე მიმდინარე ხმების გადათვლის პროცესს, არამედ მიყვნენ სამართლებრივ პროცედურებს, ამ გზით შეეცადონ საკუთარი პოზიციის დაცვას და მოემზადონ არჩევნების მეორე ტურისთვის.“