ახალი ამბები

სოფელ ალვანის მოსახლეობისგან დაკომპლექტებული ჯგუფი თუშეთის გზის გაწმენდით სამუშაოებს დააკვირდება

სოფელს ალვანის მოსახლეობა სამუშაო ჯგუფს ქმნის, რომელიც თუშეთის გზის გაწმენდით სამუშაოებს დააკვირდებიან.

მოსახლეობასა და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ნაწილობრივ შედგა. ადგილობრივების განმარტებით, სამუშაოებს დააკვირდებიან და თუ პრობლემა მალე არ მოგვარდება, პროტესტს გააგრძელებენ.

ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ტენდერში გამარჯვებული კომპანია “არილი” ხვალიდან ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე დამატებით მძიმე ტექნიკას შეიყვანენ. ამასთან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე, ხელოვნური ტბის მონაკვეთზე საქონლის გადასაადგილებელი ბილიკი მოეწყობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ თუშეთთან დამაკავშირებელი გზა სავარაუდოდ ორ კვირაში გაიხსნება.

სოფელ ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობა თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარებას ითხოვს, რის მათ საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართეს. გუშინ კი მათ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩაშალეს.

შეგახსენებთ, რომ გადაუღებელი წვიმის შედეგად 10 მაისს ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩაიხერგა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულებული იყო, თუმცა უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე სტორმა 150 მეტრამდე გზის მონაკვეთი მთლიანად დაფარა. სტიქიის შედეგად გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. ამ დრომდე უცნობია გზის გახსნის თარიღი.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზა თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო მონაკვეთია, რომელიც დიდთოვლობის გამო ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება.