EMC-იმ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროსასამართლოს მიმართა
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადი წარადგინა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, განაცხადში მოსარჩელეები დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე.
EMC-ის ინფორმაციით, გარდა კონვენციის მე-2 მუხლისა, განაცხადში მოსარჩელეები დავობენ სპეცოპერაციის ჩატარების დროს მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე და ამ ნაწილში გამოძიების არაეფექტიანობაზე.
ყველა არსებით მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელეები უთითებენ, რომ ეროვნულ დონეზე მოქმედი სამართლებრივი დაცვის საშუალებები ეფექტიანი არ არის და გამოძიებამ ვერ უზრუნველყო დარღვეული უფლების აღდგენა.
„თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებულ იმ დარღვევებზე, რომელიც მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და პირადი ცხოვრების შელახვას უკავშირდება, განაცხადი ევროპულ სასამართლოში შიდა სამართლებრივი საშუალებების ამოწურვის შემდეგ, მოგვიანებით დამატებით გაიგზავნება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ კუთხით დავა საერთო სასამართლოებში კვლავ მიმდინარეობს და სუს-ის მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის საკითხი ამ ეტაპზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება.
მაჩალიკაშვილების ოჯახი წელიწად-ნახევარზე მეტია იბრძვის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მართლმსაჯულების მიღწევისა და სიმართლის დადგენისთვის, თუმცა, მათ ძალისხმევას ამ დრომდე სამართლებრივი და პოლიტიკური აღიარება არ მოჰყოლია. ისინი მუდმივად აწყდებიან უგულებელყოფის და დეჰუმანიზების რიტორიკას ხელისუფლების მხრიდან. ამ პირობებში საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება მაჩალიკაშვილების ოჯახის უფლებების აღდგენის ერთადერთ მექანიზმად რჩება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
განმცხადებლების ინტერესებს ევროპულ სასამართლოში EMC-თან ერთად, ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრი (EHRAC) იცავს, რომელიც ლონდონში ბაზირებული, ადამიანის უფლებებზე მომუშავე გავლენიანი ორგანიზაციაა.