სკოლის დირექტორი- მოსწავლის ორსულობის ამბავი მაშინ გავიგეთ როცა მას მუცელი ასტკივდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი სკოლის დირექტორის განმარტებით, 16 წლის მოზარდის ორსულობის ამბავი მაშინ გაიგეს, როცა მას მუცელი ასტკივდა.
მისი თქმით, მოზარდი აქტიური მოსწავლე იყო და ესწრებოდა სპორტის გაკვეთილებს.
„გაკვეთილს ესწრებოდა ძლიერი მუცლის ტკივილი რომ დაეწყო. ჩვენ ბრმა ნაწლავი გვეგონა, რადგან ორსულობას ვერც ვიფიქრებით, საერთოდ არაფერი ეტყობოდა. კლინიკიდან სამშობიაროში გადაიყვანეს, მოგვიანებით გავიგეთ, რომ თურმე ორსულად იყო. ძალიან კარგი, აქტიური და მოწესრიგებულო მოსწავლე იყო. საქმეში სოციალური სამსახურიც ჩაერთო. ველოდებით გამოძიების დასრულებას“, – აცხადებს სკოლის დირექტორი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგო, რომელმაც ბავშვი გააჩინა, 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. გოგონა მე-11 კლასის მოსწავლეა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ორსულობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სკოლაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. არასრულწლოვანმა იმ დღესვე იმშობიარა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწეველთან.