რა დარღვევები დააფიქსირა ,,სამართლიანმა არჩევნებმა” კახეთში ჯენჭისყრის დღეს
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში განახორციელა.
ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 1000-მდე საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან.
„სამართლიანი არჩევნების“ PVT მეთოდოლოგიით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს.
მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა. ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე. PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები. აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას და ამდენად საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან”,- აცხადებენ ორგანიზაციაში.
„სამართლიანი არჩევნების“ მიერ კახეთში დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები:
ზეწოლა დამკვირვებელზე და დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა
#16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლალი ოხანაშვილი მთელი დღის განმავლობაში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი. იგი დამკვირვებელს არ აძლევდა გადაღების უფლებას.
შემაჯამებელ ოქმებში არსებული დისბალანსი
#18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბნის პროპორციული სისტემის შემაჯამებელ ოქმში სუბიექტების მიერ მიღებული ხმები 210-ით ნაკლებია ამომრჩეველთა ხელმოწერებზე.
შემაჯამებელი ოქმის არ გაცემა
#16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბნის დამკვირვებელს მარიამ შეყელაძეს თავმჯდომარემ შემაჯამებელი ოქმის ასლი არ გადასცა. #15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის #32 საარჩევნო უბანზე ასლის გადამღები აპარატის გაუმართაობის მიზეზით, დამკვირვებლებს შემაჯამებელი ოქმის დამოწმებული ასლები არ გადაეცა.
საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ დამოწმება
#17 თელავის საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე თავმჯდომარის მიერ დამკვირვებლისთვის გაცემულ იქნა შემაჯამებელი ოქმის ასლი მხოლოდ თავმჯდომარის ხელმოწერით. მან ბეჭდით დამოწმებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ საოლქო საარჩევნო კომისიასთან უნდა გადაემოწმებინა შემაჯამებელი ოქმის სისწორე.