ახალი ამბები

პანდემიის პირობებში კახეთში რეკორდული რაოდენობის – 273 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა და 25 ათასამდე მევენახემ მოსავალი სრულად დააბინავა (R)

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან, რთველის 2020-ის ფარგლებში მაქსიმალური ძალისხმევა იყო გაღებული, რომ მევენახე ფერმერებს მოსავლის დაბინავების პრობლემა არ შექმნოდათ და მათ ხარჯების დაფარვისა და კვლავ წარმოების გაგრძელების შესაძლებლობა მისცემოდათ.
„სახელმწიფომ გააკეთა მაქსიმუმი, რომ გაზრდილი მოსავლის, შემცირებული გაყიდვებისა და პანდემიის გამო ჩავარდნილი ტურისტული სეზონის პირობებში, მევენახე ფერმერებისთვის შეექმნა მინიმალური გარანტიები, რომ მათ თავისი მოსავალი დაებინავებინათ. რომ არა სახელმწიფოს მხარდაჭერა, 25 ათასი ფერმერიდან 10 ათასი ფერმერი ფიზიკურად ვერ მოახერხებდა პროდუქტის რეალიზებას და 100 ათას ტონამდე ყურძენი უნდა გადაყრილიო. მხოლოდ კახეთის რეგიონში, სახელმწიფოს მოუწია 95 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვა“ – განაცხადა მინისტრმა რთველის შეფასებისას.

ლევან დავითაშვილმა რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე, შედარება გააკეთა მსოფლიო პანდემიის ფონზე დაფიქსირებული ყურძნის სარეალიზაციო ფასებთან მიმართებაში.

„რთველი 2020-ის პროცესში, ყურძნის ფასების თემაზე ხშირად იყო სპეკულირება. სამწუხაროა, რომ საარჩევნო წელს პოლიტიკურ ინსტრუმენტად რთველი და ჩვენი ფერმერების ემოციებით თამაში იყო გამოყენებული. საქართველოში ყურძნის მინიმალური ფასი, ძირითად ინდუსტრიულ ჯიშზე რქაწითელზე, განისაზღვრა 80 თეთრით. ფასის დაფიქსირება სახელმწიფოს მხრიდან იყო არაორდინალური ნაბიჯი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სუბსიდრების პროგრამაში ჩაერთვებოდნენ თუ ისინი მინიმუმ 1000 ტონა ყურძენს გადაამუშავებდნენ. ამან კერძო სექტორის მოტივაცია ერთიორად გაზარდა, სხვა შემთხვევაში, სახელმწიფო კომპანიაზე წნეხი უფრო დიდი იქნებოდა. ამ მხარდაჭერით, ფერმერებმა მიიღეს მინიმალური გარანტია, რომ მათ ხარჯების დაფარვის და კვლავწარმოების გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემოდათ.

რაც შეეხება საფერავს, ამ შემთხვევაში საბაზრო მექანიზმებით ჩამოყალიბებული იყო 1 კგ-ს ფასი მუნიმუმ 1.40 ლარიდან 2 ლარამდე მერყეობდა. აღსანიშნავია, რომ მევენახეობის ძალიან წარმატებულ ქვეყნებში, მაგალითად ესპანეთსა და იტალიაში, ძირითადი ჯიშები 10-15 ევროცენტის ფარგლებში მერყეობდა. თუ გადავიყვანთ რქაწითელის ფასს ევროცენტებში, ის შეადგენდა 20 ევროცენტზე ოდნავ მეტს, რაც აღემატება ევროპის ქვეყნების ზემოთ მოყვანილ მაგალითებს. ასევე მოლდოვასა და ბულგარეთში, ზოგ შემთხვევაში ფასი 10 ევროცენტზე ნაკლებიც იყო. ევროპის რიგ ქვეყნებში ყურძენი არც დაიკირფა და გამოყენებული იყო კომპენსაციის მექანიზმი. ასეთ პირობებში სპეკულირება, რომ საქართველოში რამე დააკლდა რთველის პროცესს და სახელმწიფოს მხრიდან არ იყო გაღებული მაქსიმალური ძალისხმევა, არის უპასუხისმგებლო განცხადება“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

2020 წელს, საქართველოს მასშტაბით, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდული – 280-300 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობდა, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო საერთაშორისო ბაზრებზე შემცირებული ექსპორტისა და შიდა ბაზარზე ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო, დარგს დიდი გამოწვევის წინაშე აყენებდა. სახელმწიფოს მთავარი ამოცანა იყო მევენახეები არსებული გამოწვევის პირისპირ მარტო არ დარჩენილიყვნენ, მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩენოდათ, ხოლო ღვინის ინდუსტრიას შესაძლებლობა ჰქონოდა ყურძენი მიეღო, გადაემუშავებინა და ბოლო წლების სტაბილური განვითარების დადებითი დინამიკა არ შეჩერებულიყო.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდა. სუბსიდიის მიღებას ექვემდებარება ის ღვინის კომპანია, რომელმაც შეისყიდა და გადაამუშავა კახეთის რეგიონში მოწეული, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენი. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ჩამბარებელს გადაუხადა არანაკლებ 0,80 ლარი. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანია იღებს სუბსიდიას: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარს. სუბსიდიის მიღების პროცესი უკვე მიმდინარეობს. კომპანიებს განაცხადების წარდგენა 1 დეკემბრამდე შეუძლიათ.

გარდა ამისა, რთველი 2020-ის მიმდინარეობის პერიოდში, სახელმწიფო სრულად მობილიზებული იყო, რათა კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში, ერთი კილოგრამი ყურძენიც კი არ დარჩენილიყო დაუბინავებელი და ჭარბი მოსავალი თავად შეესყიდა ისე, რომ კონკურენციაში არ შესულიყო კერძო ღვინის კომპანიებთან.

სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, 21 აგვისტოდან რთველის დასრულებამდე, 20 ოქტომბრამდე ქალაქ თელავში 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებდა რთველის საკოორდინაციო შტაბი.

შედეგად:
 კახეთის რეგიონი რთველის სტატისტიკა რთველი 2020-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში 273 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 1000 ტონით აღემატება და ყველაზე მაღალია, ბოლო 30 წლის მონაცემებთან შედარებით. ღვინის საწარმოებში ყურძენი 25 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რაც ასევე
უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. 2020 წელს, მევენახე ფერმერების შემოსავალმა მხოლოდ კახეთში 300 მლნ ლარს მიაღწია. ყურძნის მთლიანი მოცულობიდან გადამუშავებულია:
 175 ათასი ტონა რქაწითელი;
 80 ათასი ტონა საფერავი;
 5 ათასი ტონა კახური მწვანე;
 დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

კახეთის რეგიონში, ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში – 76,5 ათასი ტონა, ყვარელში – 63,5 ათასი ტონა, თელავში – 45 ათასი ტონა, საგარეჯოში – 27,5 ათასი ტონა, სიღნაღში – 21 ათასი ტონა, ლაგოდეხში – 16 ათასი ტონა, ახმეტაში – 12,5 ათასი ტონა. ხოლო დედოფლისწყაროში – 7,5 ათასი ტონა.

რთველის პიკურ პერიოდში, გადამუშავებული ყურძნის დღეღამურმა მაჩვენებელმა 14 ათას ტონას მიაღწია, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ყურძნის მიღების პროცესში ჯამში 220 საწარმო იყო ჩართული. პიკის პერიოდში, ყოველდღიურად, მოსახლეობისგან ყურძენს 100-მდე საწარმო იღებდა, რაც მოსავლის დროულად დაბინავებისთვის
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან რთველის პიკური პერიოდისთვის დამახასიათებელი რიგების დროს, ყურძნით დატვირთულ მანქანას დროულად შესძლებოდა მოსავლის დაბინავება.

რთველი 2020-ის ფარგლებში, შეუფერხებლად დაბინავდა კახეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 4 ათასამდე ჰექატრ ფართობზე სეტყვით დაზიანებული ყურძენი. რთველის ფარგლებში, „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „მუკუზანის“ და „ყვარლის“ მიკროზონების ყურძნის საწარმოებში ჩაბარება მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე ხდებოდა.