საქართველომ ევროკავშირისკენ სვლა შეაჩერა, – ევროკავშირის ელჩი
საქართველომ ევროკავშირისკენ სვლა შეაჩერა, -ამის შესახებ დღეს, 9 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის განცხადებით, გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას და თაობების იმედს.

„ძვირფასო სტუმრებო, ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით, დღეს ევროპის დღეა! ამ დღეს ვზეიმობთ ევროპის ერთიანობას და ჩვენს მრავალწლიან მეგობრობას საქართველოსთან, თქვენთან.
დამოუკიდებლობის აღდგენიდან, ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით, როგორც მკტიცე და საიმედო პარტნიორი.
ევროკავშირი ეხმარება საქართველოს წინსვლაში და რაც მთავარია, ცვლის ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ.
და თუ მაინც, დღემდე ჩნდება კითხვა – რა არის ევროპა – ნება მომეცით გითხრათ: ევროპა არის მრავალფეროვნების სივრცე, სადაც თითოეული სახელმწიფო არათუ ინარჩუნებს, არამედ აძლიერებს თავის კულტურას, იდენტობასა და ტრადიციებს. საქართველო სწორედ თავისი უნიკალურობითა და მდიდარი კულტურით იწვევს ევროპის აღტაცებას. ჩვენ, თქვენ საამაყო ისტორიაში ვპოულობთ შთაგონებას.
თუმცა, ევროპული ოჯახის წევრობისთვის ეს საკმარისი არ არის. ევროკავშირის გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, საქართველომ შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა. გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას და თაობების იმედს.
ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე – „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“.
ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდება. ამიტომ, მზად ვართ განვაახლოთ ერთად მუშაობა ამ მიზნის მისაღწევად.
ევროკავშირის წევრობა არის მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების საუკეთესო გზა. ამას ადასტურებს ევროკავშირის არსებობის თითქმის 80 წლიანი ისტორია.
საქართველოს მომავალი, თავად ამ ქვეყანას და მის ხალხს, თქვენ გეკუთვნით.
წინ, საქართველო, წინ!“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ:
ოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას ინარჩუნებს და ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას ცოდნის, ინვესტიციებისა და საერთო ღირებულებების საშუალებით. ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორია, რომელიც მხარს უჭერს ეკონომიკურ ზრდას, დემოკრატიულ განვითარებასა და ცხოვრების დონის ამაღლებას

