თელავში, ზაქარიაძის ქუჩის მცხოვრებლები წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ
ქალაქ თელავში, ზაქარიაძის ქუჩაზე, მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს.
მათი თქმით, გარდა იმისა, რომ გრაფიკით მიწვდილი წყალი მათთვის არასაკმარისია, წყალი დაბინძურებულია.
“მთელი ზაფხული დატანჯულები ვიყავით, რადგან წყალი საერთოდ არ მოდიოდა, აქ საშინელი სიბინძურე და ღია ჭებია. ასეთი ბინძური წყალი როგორ დავლიოთ ეს ხომ საშიშია ორგანიზმისთვის.
დღის განმავლობაში წყალი მხოლოდ ერთი საათი მოდის. მოვითხოვთ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, მოგვაქციონ ყურადღება”,- განუცხადა knews.ge-ს ზაქარიაძის ქუჩაზე მცხოვრებმა მანანა თათულაშვილმა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესდებიან და პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოებს დაიწყებენ.
“სერვისცენტრის თანამშრომლები აღნიშნული საკითხით დაინტერესდებიან. ქუჩის მოსახლეობას 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება წყალი და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ გამოცხადებულია ტენდერი და მალე თელავი 24 საათიანი წყალმომარაგების სისტემაზე გადავა”,-განუცხადა knews.ge-ს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კომუნიკაციის სამსახურის უფროსმა ლელა კიკალეიშვილმა.
მარიამ ოქროცვარიძე