თელავში საბავშვო ბაღის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, თელავში კორონავირუსით საბავშვო ბაღის პედაგოგი დაინფიცირდა.
მისივე თქმით, ეპიდემიოლოგების მიერ დაგეგმილია სხვადასხვა სახის პრევენციული ღონისძიებების გატარება.
,,თელავში საბავშვო ბაღის მასწავლებელი დაინფიცირდა. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საბავშვო ბაღის დაკეტვა მოხდება 12 კალენდარული დღით; გარდა ამისა, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირების მოკვლევა და თვითიზოლაციაში გადაყვანა მოხდება. დაიწყება მასწავლებლების თვითმონიტორინგი და ბავშვებზე მონიტორინგი მშობლების მხრიდან. დაგეგმილია ასევე დეზინფექციის ჩატარება საბავშვო ბაღის ფუნქციონირების დაწყებამდე”,-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
კახეთის რეგიონში ინფიცირების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან: თელავი -15, ლაგოდეხი -3, სიღნაღი -5, გურჯაანი -11, დედოფლისწყარო -2, ყვარელი -2, ახმეტა-4 .