ზემო და ქვემო ქედის, არხილოსკალოსა და გამარჯვების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები მოეწყობა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო და ქვემო ქედის, არხილოსკალოსა და გამარჯვების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები მოეწყობა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
„ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება 28 ოქტომბრის ჩათვლით იწარმოებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 3,6 მილიონ ლარზე მეტია. არსებული მდგომარეობით, ოთხი სოფლის მოსახლეობას გაზაფხულსა და შემოდგომაზე წყალი სტაბილურად, თუმცა ზაფხულისა და ზამთრის პეროდში დებიტის სიმცირის გამო შეზღუდვით მიეწოდება. რეაბილიტაციას საჭიროებს არსებული ინფრასტრუქტურაც.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჭაბურღილებისა და მაგისტრალური მილის მოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სატუმბო სადგურს, წყლის სათავე ნაგებობას და რეზერვუარებს. მოძველებული ქსელი ახლით ჩანაცვლდება და გამრიცხველიანდება მოსახლეობა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 14 თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც ოთხი სოფლის მოსახლეობას, ჯამში 5 000-მდე ადამიანს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება“, – აცხადებენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.