კახეთში „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაია წერეთელი იქნება
„თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში მაია წერეთელი იქნება.
ის მცირე ბიზნესის წარმომადგენელია და სხვადახვა სფეროში აქვს მუშაობის გამოცდილება. მისი განცხადებით, საქმიანობებიდან გამომდინარე მოქალაქეებთან ხშირი შეხება ჰქონდა და მათი პრობლემების შესახებაც კარგად იცის.
,,სამუშაოდან გამომდინარე, ადამიანებთან მქონია უშუალო კონტაქტი და მისაუბრია არაერთ საკითხზე, ამიტომ ჩემთვის კარგად არის ნაცნობი ხალხის აზრი და ვიცი რა აწუხებს, რა სურს მოსახლეობას. გამარჯვების შემთხვევაში შევამცირებთ გადასახადებს და შევქმნით სამუშაო ადგილებს. ასევე კახეთში საბოლოოდ მოვაგვარებთ წყალგაყვანილობის პრობლემას: მოგვარდება სასმელი, სარწყავი წყალი და ასევე საკანალიზაციო სისტემა.
დაიგება გზები, მათ შორის შიდა სასოფლო გზებიც. მიექცევა ყურადღება ქალაქების და სოფლების განვითარებას. შევუწყობთ ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას. აღდგება ყველა უსამართლოდ შეწყვეტილი სოციალური დახმარება. დახმარებას გავუწევთ მრავალშვილიან ოჯახებს. ასევე დახმარებას გავუწევთ ახალგაზრდებს, როგორც განათლების მიღებაში ასევე დასაქმებაში შევუწყობთ ხელს”,– განუცხადა Knews.ge-ს მაია წერეთელმა.