„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები სოფელ დუისის მოსახლეობას შეხვდნენ
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები სოფელ დუისის მოსახლეობას შეხვდნენ და ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან ერთად, პარტიის მიმდინარე და სამომავლო გეგმები გააცნეს.
როგორც პარტიაში განმარტავენ, „თავისუფალი საქართველო“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც მთლიანად ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება და ნეოლიბერალური ღირებულებებისგან შორს დგას.
„დღეს ბევრი პარტია ცდილობს საზოგადოების გულის მოგებას. მათი ლიდერები ამტკიცებენ, რომ უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვიან, თუმცა სამართალი მას შემდეგ გაახსენდათ, რაც წინა და არსებულ ხელისუფლებებთან ბიზნეს ინტერესები ვერ გაიყვეს და ვერც საკუთარი პოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილეს. საინტერესოა, სად იყვნენ ეს ადამიანები მანამდე, როდესაც ჩვენ მევახშეობის წინააღმდეგ ვიბრძოდით. ასევე საინტერესოა, რატომ არ საუბრობდნენ მედიკამენტების ფასების დაკლებაზე მაშინ, როდესაც ჩვენ საკუთარი ძალებით ვცდილობდით „იაფი მედიკამენტების პროგრამის“ ამოქმედებას, რაც წარმატებით განვახორციელეთ კიდეც. სად იყვნენ ეს პოლიტიკოსები, როდესაც ჩვენ წინა ხელისუფლებას უმწვავესად ვაკრიტიკებდით, ხოლო არსებულს, დღიდან მისი ქვეყნის სათავეში მოსვლისა, ოპოზოზიციაში ვუდგავართ“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ.
დღესვე, სოფლის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმაც მიმართა. როგორც მაია წერეთელმა განაცხადა, „თავისუფალი საქართველო“ საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული პარტიაა, რომელსაც ხალხი – წინასაარჩევნოდ არ გახსენებია.
„პოლიტიკურ პარტიებს, მხოლოდ ახლა გაახსენდათ ხალხის დავალებების შესრულება. ზოგიერთები კი აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან ადამიანების აზრი მოისმინონ, თუკი მათ, თავად ეს მხარდამჭერები დაუკავშირდებიან. რასაც ახლა სხვა პარტიები ცდილობენ, „თავისუფალი საქართველო“ ამას წლებია აკეთებს, ამიტომ ჩვენ უკეთესად ვიცით რა სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და რა იქნება მისთვის ეფექტური დახმარების საშუალება“,-აღნიშნა მაია წერეთელმა.