გაიცანით კახეთში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები
საპარლამენტო არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, პარტიები და მათი კანდიდატები კი აქტიურად განაგრძობენ წინასაარჩევნო კამპანიას და საარჩევნო პროგრამებსა და მთავარ დაპირებებს ამომრჩევლებს აცნობენ.
მიუხედავად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების აქტიურობისა, მათი საქმიანობის, განათლების, სამუშაო გამოცდილების შესახებ ადგილობრივების დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია.
knews.ge აგრძელებს მკითხველისთვის დეპუტატობის კანდიდატების გაცნობას. აღნიშნული მასალების სერიით, ეტაპობრივად გაგაცნობთ კახეთის ორ საარჩევნო ოლქში პარტიების მიერ წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატებს.
„თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში მაია წერეთელი იქნება. ის მცირე ბიზნესის წარმომადგენელია და სხვადახვა სფეროში აქვს მუშაობის გამოცდილება. მაია წერეთელი 1975 წელს თელავში დაიბადა. 1995 -2000 წლებში სწავლობდა თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიურ ინსტიტუტში „ცოდნა“ ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 2009 წლიდან აქვს ლაბორანტის წოდება, 2012 წელს გაიარა ფარმაციის შემსწავლელი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგ კურსი. 2005-2009 წლებში დასაქმებული იყო ბიზნეს კომპანიებში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2012 წელს მუშაობდა სამედიცინო დაწესებულებაში, 2013 წელს კი დაიწყო ბიზნესი და ამ მიმართულებით აქტიური საქმიანობა. პოლიტიკური მიმართულებით გამოცდილება არ აქვს.
„პატრიოტთა ალიანსიდან” თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში სოსო პარწიკანაშვილი იყრის კენჭს.
მას პოლიტიკური საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. 2005-2014 წლებში ის იყო თელავის სასპორტო გაერთიანების რაგბის მწვრთნელი. 2015 წელს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში მუშაობდა რაგბის უფროსად, 2005-დან 20017 წლამდე რაგბის კავშირში იყო რეგიონული მწრთვნელი. 2016-2017 წლებში კი იყო თვითმმართელი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში რაგბის მენეჯერი; 2017 წლის 14 ნოემბრიდან დღემდე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ის ასევე იყო საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრი და ფრაქცია „საქართელოს პატრიოტთა ალიანსი“ -ს წევრი.
კიდევ ერთი დეპუტატობის კანდიდატი, ახლად შექმნილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებიდან “ქართული ფესვები” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავის კოლორიტი, მსახიობი და საზოგადო მოღვაწე 75 წლის გეგე სულხანიშვილია.
ის თელავში დაიბადა. პროფესიით მებაღე-მევენახეა, თუმცა ამ პროფესიით არასდროს უმუშავია. ის ასევე იყო თელავის თეატრის მსახიობი.
მას პოლიტიკაში მცირე გამოცდილება აქვს, იყო ,,ლეიბორისტული პარტიის” წევრი და 2016 წელს ამავე პარტიიდან მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დაფუძნებიდან დღემდე კი არის პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ფესვების” წევრი.
ლეიბორისტული პარტიიდან თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნიკოლოზ ვარდოშვილი იყრის კენჭს. ნიკოლოზ ვარდოშვილი 1983 წელს თბილისში დაიბადა, 1998 წელს დაამთავრა თელავის პირველი საშუალო სკოლის არასრული კურსი და სწავლა გააგრძელა მეოთხე საშუალო სკოლაში. 2001 წელს ჩაირიცხა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე, სოციოლოგიის სპეციალობაზე. სწავლა დაასრულა 2005 წელს და მიენიჭა სოციოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ასევე საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლის კვალიფიკაცია. მუშაობდა სოციოლოგად საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტში. 2003 წლიდან არის პოლიტიკაში ჩართული. 2014 წელს აირჩიეს თვითთმართველი ქალაქ თელავის საკრებულოს წევრად არასაპარლამენტო ოპოზიციიდან. 2017 წლამდე იყო საკრებულოს დეპუტატი და ერთადერთი ოპოზიციური ფრაქცია ,,ძლიერი თელავის’’ თავმჯდომარე მუნიციპალიტეტში. 2017 წელს იყრიდა კენჭს თელავის მერის პოზიციაზე ლეობორისტეული პარტიიდან. ამჟამად არის ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ასევე არის პარტიის ეროვნული პოლიტიკური კომიტეტის წევრი.