ახალი ამბები

გაიცანით კახეთში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები

31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. პარტიების უმეტესობამ აქტიური წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობას ხვდებიან და წინასაარჩევნო პროგრამებს აცნობენ.

knews.ge მოსახლეობის გამოკითხვებს არჩევნებთან დაკავშირებით ხშირად ატარებს. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობა დეპუტატობის კანდიდატების, მისი სამუშაო გამოცდილებისა და საქმიანობების შესახებ არ ფლობს ინფორმაციას.

აღნიშნული მასალით knews.ge ეტაპობრივად გაგაცნობთ კახეთის ორ საარჩევნო ოლქში პარტიების მიერ წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატებს.

,,ლელო საქართველოდან” თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ტალახაძეა.

 

ის პროფესიით ეკონომისტია. დაამთავრა თსუ. იყო კომერციული ბანკის გენერალური დირექტორი. ენტრეპენერული საქმიანობა დაიწყო ღვინის კომპანია “თელიანი ველის” დაფუძნებით. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მონაწილეობდა ისეთ წარმატებულ პროექტებში, როგორებიცაა “ქინძმარაულის მარანი”, “ჯივიესი” და “შატო მუხრანი”. ამჟამად ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას მევენახეობა-მეღვინეობის დარგში.

,,ნაციონალური მოძრაობიდან” თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველია.

 

ის დაიბადა 1979 წლის 2 ივნისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, „გამოყენებითი მათემატიკის“ სპეციალობით; 2004 წელს დაინიშნა გლდანი – ნაძალადევის რაიონის მოსაკრებლების სამსახურის უფროსად; 2006 წელს მუშაობა გააგრძელა გარემოს დაცვის სამინისტროში, ინსპექციის კახეთის ბიუროს ჯგუფის უფროსად, ხოლო 2007 წლიდან სამცხე – ჯავახეთის ბიუროს უფროსად. იმავე წელს დაინიშნა საპრეზიდენტო პროგრამა „პატრიოტის“ – საგარეჯოს ბანაკის დირექტორად; 2008 წელს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილედ. 2008 წელს მუშაობა გააგრძელა საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსად, სადაც 2012 წლამდე მუშაობდა. 2012 წელს დაინიშნა კახეთში გუბერნატორის მოადგილედ. ამჟამად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წარმომადგენელია კახეთის რეგიონში და თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარე. არის ღირსების ორდენის კავალერი.

,,ქართული ოცნებიდან” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ყოფილი გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილია. ქადაგიშვილი დაიბადა 1962 წლის 23 დეკემბერს.

 

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 2001 წელს დაამთავრა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინუვერსიტეტის საარჩევნო ტექნოლოგიების აკადემია. ის აქტიურად მონაწილეობდა 80-იან წლებში დაწყებული ეროვნულ- განმათავისუფლებელ მოძრაობაში, არის აფხაზეთის ომის მონაწილე, 1992 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად. ამავე წელსვე დაინიშნა საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარედ, რომელიც საქართველოს დსთ-ში გაწევრიანების გამო პროტესტის მნიშნად დატოვა. 1998 წელს არჩეული იქნა ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრად. 2005-2009 ლებში იყო კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის გენერალური მენეჯერი. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იყო კოალიცია ,,ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2016 წლის სექტემბრიდან 2020 წლის აგვისტომდე იკავებდა კახეთის გუბერნატორის თანამდებობას.

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კიდევ ერთი კანდიდატი საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობიდან ემზარ ქვარიანი იქნება.

 

ის დაიბადა თელავის მუნიციპალუტეტის სოფელ ბუშეთში, დაამთავრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი. 1992-93 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილე. 1995-2009 წლებში საქართველის დავდაცვისა და შსს სამინისტროს სტრუქტურებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე.

,,ევროპული საქართველოდან” დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილია.

მან 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით, ხოლო 1997 წელს — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1993-1997 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე გაზეთ „რეზონანსში“. 1997-1998 წლებში მუშაობდა საერთაშორისო საზოგადოება „სამართლიანი არჩევნების“ პრეს-მდივნად. 1998–2002 წლებში იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მართვის ევროპულ სკოლაში.

2002 და 2003 წლების გაზაფხულის სასწავლო სემესტრების განმავლობაში იყო მიწვეული მკვლევარი ახალი სკოლის უნივერსიტეტში (ნიუ-იორკი, აშშ). 1999-2002 წლებში მუშაობდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 2002-2003 წლებში იყო საერთაშორისო საზოგადოება „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი. 2004-2005წლებში იყო თბილისის მერი;

2005-2010წლებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში; 2011-2012წლებშო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინში; 2012 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. იმავე წლის ოქტომბერში დაინიშნა კახეთის გუბერნატორად. არის საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020)