ყვარელში სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და აშშ-ის ელჩი, ყვარელში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „აგროსთორი“ სამაცივრო მეურნეობის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფოს და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით ამოქმედდა.
„ჩვენ რეგულარული, მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტული გახდა. შესაბამისად, სახელმწიფო ძალიან ბევრს აკეთებს დარგის მოდერნიზაციისთვის.
ამ ფონზე, ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ხელშესახებია და რეალურ შედეგებს იძლევა. გაჩნდა მრავალი შესაძლებლობა, რადგან, ტექნიკური დახმარების კუთხით, ამერიკელი მეგობრები და პარტნიორები მხარში გვიდგანან. პარალელურად, სახელმწიფო ფინანსურად ეხმარება კარგ ინიციატივებს. საბოლოოდ კი, დამატებითი ღირებულება იქმნება გადამუშავებაში“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა USAID-ის საქართველოში საქმიანობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
„ახალი სამაცივრე მეურნეობა დაეხმარება ფერმერებს მეტი შემოსავლის მიღებაში და ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. სასიამოვნოა, ისეთ ინიციატივის განხორციელებაში ჩართულობა, რომელიც საშუალებას აძლევს ადგილობრივ ფერმერებს შეინახონ მალფუჭებადი პროდუქტი, გააფართოონ სარეალიზაციო ბაზრები, გაზარდონ პროდუქტის ხარისხი და ფასი.
აღნიშნული სამაცივრო მეურნეობა კერძო სექტორის, USAID-ისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
ასევე აღსანიშნავია, რომ კოოპერატივი მუდმივად ექვს, სეზონურად კი, 150-მდე ადგილობრივს დაასაქმებს.
მარიამ ოქროცვარიძე