,,აი ფაქტი” აბბა ალავერდელი დავითის ბიზნეს საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ,,აი ფაქტი” აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ბიზნესსაქმიანობის შესახებ კვლევას აქვეყნებს.
კვლევაში აღნიშნულია წლების განმავლობაში მიტროპოლიტის საქმიანობის და ბიზნეს კომპანიებში მისი წილების შესახებ.
,,აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ერისკაცობაში ირაკლი მახარაძე, ალავერდის ეპარქიას 1993 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი დანიშვნიდან 4 წელიწადში ეპარქიის სასულიერო პირებისაგან პატრიარქისადმი მიწერილი წერილი, რომლითაც სთხოვენ დავით მახარაძე ალავერდის ეპარქიას ჩამოაშოროს. ერთ-ერთ მიზეზად წერილში წერია:
“მღვდლებს ჩამოერთვათ უფლება და საშუალება იზრუნონ თავიანთი ტაძრების კეთილდღეობაზე. მთლიანი შემოსავალი ’’ბედნიერი’’ მეუფე დ. მახარაძის ქისაში მიჩხრიალებს. ყველა ტაძრის ნებაყოფლობითი შემოწირულობების ყუთების გასაღებებიც კი საკუთარ ჯიბეში მოაქცია, რომ ყოველივე თავის გავლენის ქვეშ და ზემოქმედებაში ამყოფოს.”
კვლევაში აღნიშნულია, რომ გარდა შემოწირულობებიდან აღებული თანხისა, მან კარგად გაიაზრა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ბიზნეს და ტურისტული შესაძლებლობები.
,,2006 წელს ალავერდის მონასტერში ფუნქციონირება დაიწყო მარანმა, რომელიც კომპანია ბადაგონის მხარდაჭერით აღდგა. ბერები ასხამენ საკუთარი ბრენდის ღვინოს სახელწოდებით „ბერების ღვინო 1011-დან”.
ბერებმა ღვინის ჩამოსხმა ბადაგონთან ერთადაც დაიწყეს და კომპანიამ ალავერდის მონასტრის წინ, ტურისტულ სივრცეში, რესტორანიც გახსნა. 2014 წელს ალავერდის მონასტრის წინ გაიხსნა “მაწვნის სახლი”, კახეთის განვითარების პროექტის ფარგლებში. “მაწვნის სახლი” ეპარქიას გადაეცა. 2019 წლის ივნისში მიტროპოლიტმა “მაწვნის სახლი” “ბადაგონის სახლს” გადასცა სამართავად.
მიტროპოლიტ მახარაძის ინიციატივით, სახელმწიფომ ეპარქიას აუშენა “იყალთოს ქვევრის პირველი სკოლა-აკადემია”, რომელიც 2016 წელს გაიხსნა. პროექტის ღირებულება 5 მილიონი ლარია და მის მშენებლობაში მონაწილეობა სახელმწიფოსთან ერთად მსოფლიო ბანკმაც მიიღო. აკადემიაში აქვთ ქვევრის გამოსაწვავი ძვირადღირებული დანადგარები. საქართველოში ხარისხიანი ქვევრის წარმოება პრობლემაა. ეს პრობლემა კი იყალთოს ქვევრის აკადემიის დახმარებით უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა, “სტუდია მონიტორის” გამოძიებით დადგინდა, რომ აკადემია უფუნქციოა.
მონასტერში მიტროპოლიტს საკუთარი ბიზნესიც აქვს. ის 2016 წლიდან კომპანია შპს “თაფლიკაცის” 55%-იანი წილის მფლობელია. მათ ალავერდის მიმდებარე ტერიტორიაზე სკები აქვთ, ექვსი სახეობის თაფლს აწარმოებენ და იქვე ყიდიან”, -წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ კვლევაში.
საჯარო რეესტრის თანახმად, ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი ფლობს 2,601კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას სოფელ დიღომში. ასევე მეუფის მფლობელობაშია 6,000 კვ.მ. მიწა თბილისში, უდაბნოს ქუჩაზე, რომელიც 2000 წელს ირმა ნიკოლაიშვილისგან 3,000 ლარად იყიდა. ამ მიწაზე ზაჰესის სამონასტრო კომპლექსია გაშენებული. ის ფლობდა 6,451 კვ.მ. საკარმიდამო მიწას ახმეტის რაიონის სოფელ ოჟიოში, რომელიც 2015 წლის 28 მაისს დიმიტრი აბდუშელაშვილმა აჩუქა. 2017 წელს მიტროპოლიტმა დავითმა საჩუქარი 20,000 ლარად გაყიდა.
მიტროპოლიტი ფლობს “შპს თაფლიკაცის” 55%-იან წილს.
ის ასევე ხელმძღვანელობს 8 არაკომერციულ ორგანიზაცის :
1. ა(ა)იპ ქართული ტრადიციული ღვინის ფონდი;
2. ა(ა)იპ ქვევრის ფონდი;
3. ა(ა)იპ ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახ. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა;
4. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრი
5. ა(ა)იპ ალავერდის აღდგენისა და განვითარების ფონდი;
6. ა(ა)იპ ალავერდის ეპარქიასთან არსებული მომავლის ფონდი;
7. ა(ა)იპ შირიმი;
8. ა(ა)იპ ანტიფონი.
იხილეთ კვლევა ვრცლად: https://www.facebook.com/1267468489937737/posts/4659528260731726/