ახალი ამბები

მეწარმე ქალი ალვანიდან, რომელიც თუშურ ორნამენტებს აცოცხლებს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში მცხოვრები მაია თათრულაიძე თუშიური ტრადიციული ორნამეტნებით სხვადასხვა ნივთებს და ტანსაცმელს ქსოვს.
მან ქსოვა ბავშვობიდან ისწავლა და დღემდე აგრძელებს საქმიანობას. მისი თქმით, ის თავიდან დროის გასაყვანად ქსოვდა, თუმცა შემდეგ ძალიან შეუყვარდა ეს საქმე და მის ძირითად საქმიანობადაც იქცა.
,,ქსოვა დედამ მასწავლა, ზუსტად როდის არ მახსოვს, საკმაოდ პატარა ვიყავი. ჩვენს თაობაში, მითუმეტეს მთის ხალხში ხელსაქმის ცოდნა აუცილებელიც კი იყო. თავიდან რა თქმა უნდა დროის გასაყვანად და გასართობად ვქსოვდი, უფრო ხშირად სასაჩუქრედ მეგობრებისა და ახლობლებისთვის. 46 წლის ვარ, ალვანში მარტო ვცხოვრობ და ჩემს თავს მე ვინახავ. ზარმაცი არასდროს ვყოფილვარ. ახლაც არანაირი საქმე არ მეთაკილება. პატარა ბოსტანიც მაქვს, მიყვარს მიწასთან მუშაობა.
დღეს ჩემს ძირითად საქმეს და შემოსავალს ჩემი ხელსაქმე წარმოდგენს. ყველანაირ ნივთს ვქსოვ, ძირითადად თუშური, ტრადიციული ორნამენტებით, მაგრამ ძალიან მიყვარს ინტერნეტში სიაახლეების ყურება და შემდგომ მათი ნამუშევრებზე გადმოტანა. სასიამოვნოა, როდესაც შენი საქმე კი არ გღლის და გთრგუნავს, არამედ სიამოვნებას განიჭებს, ქსოვა სულს მიმშვიდებს”,- განაცხადა მაია თათრულაიძემ.
მისი განცხადებით ის ნამუშევრებს ძირითადად თუშეთში ჩამოსულ ქართველ და უცხოელ ტურისტებზე ყიდის.
,,თუშეთი ჩემი მცირე ბიზნესისთვის ყველაზე თუ არა ერთ-ერთი უმნიშვნელოვამესი ფაქტორია. ზაფხულობით მრავალი ტურისტი სტუმრობს მთას, მათში დიდი მოწონებით სარგებლობს ჩვენი ტრადიციული ნაქსოვები და გაყიდვებსაც არ ვუჩივით. სახლიდანაც კი ვყიდი, მაგრამ უფრო ნაკლებად, თუ ვინმეს საჩუქრად ან უცხოეთში გასაგზავნად უნდა”,- განაცხადა მაიამ.
მისივე თქმით, პანდემიის გამო ცუდ მდგომარეობაშია, რადგან ტურისტები თითქმის აღარ არიან. იგი ამბობს, რომ სურვილი აქვს ხელსაქმე ახალგაზრდებს ასწავლოს.
,,რაც წლები მემატება უფრო და უფრო მინდა ჩემი ცოდნა პატარებს გავუზიარო, არ უნდა დაიკარგოს ტრადიციული ხელსაქმეები. ყველაფრის განახლება და განვითარება შეიძლება. მაგალითად, როდესაც ტურისტი ჩემს ერთ ნამუშევარს ყიდულობს, რაღაცნაირად სიამაყის გრძნობით ვივსები. მგონია ჩემი პატარა ნაკეთობით უცხოს ქართულ ტრადიციას და კულტურას ვუზიარებ.”