სოფელ ველისციხეში კორონავირუსის პრევენციის მიზნით თავშეყრის ადგილებში თერმოსკრინინგი დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სპეციალური ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დადიან და მოსახლეობას თერმოსკრინიგს უტარებენ.
აღნიშნულ საკითხზე დღეს კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა გააკეთა განცხადება.
მისი განმარტებით, კახეთის რეგიონში კორონავირუსის 38 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია.
ირაკლი შიოშვილის თქმითვე, სოფელ მატანსა და ველისციხეში ისევ მოქმედებს სპეციალური პუნქტები, სადაც მოსახლეობის მასიური თერმოსკრინინგი და საჭიროების შემთხვევაში ტესტირება ტარდება.
,,სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და საშიში არაფერია. კახეთში სულ 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. ახმეტის სოფელ მატანსა და ველისციხეში ისევ სპეციალური კარვებია დამონტაჟებული, სადაც კეთდება თერმოსკრინინგი და ტესტირება. სოფელ ველისციხეს რაც შეეხება, იქ დასავლეთიდან ბევრი მუშახელი შემოედინება და ამიტომ შეიქმნა საჭიროება, მათ ჩაუტარდეთ ტესტირება.
შევიმუშავეთ სპეციალური გეგმა. შეიქმნა ჯგუფები. ისინი მუნიციპალიტეტის მასშტაბით დადიან და თავშეყრის ადგილებზე ატარებენ თერმოსკრინინგს, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებები გავატაროთ” ,- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.
სოფელ ველისციხეში ამ დროისთვის კორონავირუსის 7 შემთხვევაა დაფიქსირებული.