ეკლესია წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვება?
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელშიც აღნიშნულია კახეთის რეგიონში წინა საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევები.
ანგარში ეყრდნობა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის სავარაუდო შემთხვევებს, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის, მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას და ზეწოლას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებსა და მათ შორის, წინასაარჩევნო კამპანიაში ეკლესიის ჩართულობას:
11 აგვისტოს, ლაგოდეხში, თელავის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინეს. შეხვედრას ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი ესწრებოდა.
10 აგვისტოს, ახმეტის მოსახლეობასთან ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენას ალავერდელი მიტროპოლიტი დაესწრო.
14 აგვისტოს, დედოფლისწყაროში, გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენას ხორნაბუჯელი ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე დაესწრო.
19 აგვისტოს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, ქადაგებისას, მრევლს მიმართა და არჩევნების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 30 წელია ერთ წრეზე დავდივართ. პოლიტიკაში არიან ძალიან სუსტი ადამიანები, რომელთაც ბოდიშის მოხდა და ჩადენილი საშინელი დანაშულის აღიარება არ შეუძლიათ და მრევლმა უნდა შეუნდოს, თუმცა, მათ არ ექნებათ უფლება „რაღაც-რაღაცები მოგვახვიონ თავს“. მან მრევლს „წესიერი არჩევანის“ გაკეთებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ვინც ლანძღავს მისთვის ყველა მიუღებელია.
ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში სხვა რეგიონების ჩათვლით, გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის – 17 ფაქტი; წინასაარჩვნოდ, ამომრჩევლის ფართო მასების გულის მოსაგებად ხელისუფლების მიერ ინიცირებული 2 პროექტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების – 3; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის – 4; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 18; ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის – 6; მედიის საქმიანობისთვის სავარაუდო ხელის შეშლის – 2 შემთხვევა; ასევე, პოლიტიკური შინაარსის პლაკატების დაზიანების შემთხვევები 13 მუნიციპალიტეტში.
ორგანიზაციამ რეკომენდაციებით მიმართა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს და რელიგიურ ორგანიზაციებს.
დეტალურად ანგარიშის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ: http://www.isfed.ge/geo/angarishebi/2020-tslis-saparlamento-archevnebis-monitoringis-III-shualeduri-angarishi