ფრონტერას“ 84 ყოფილ თანამშრომელს საქართველოს მთავრობა ერთჯერადად 1200 ლარს გადასცემს

„ფრონტერას“ ყოფილ 84 თანამშრომელს საქართველოს მთავრობა ერთჯერადად 1200 ლარს გადასცემს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

სახელმწიფო კიდევ ერთხელ მოუწოდებს „ფრონტერას“, დაფაროს სახელფასო დავალიანება ყოფილი თანამშრომლების მიმართ.

“თქვენ იცით, რომ მთავრობამ გამოიჩინა კეთილი ნება და გადავწყვიტეთ მივცეთ კომპანიას საშუალება გააგრძელონ მოპოვების სამუშაოები, სალიცენზიო არეალის ფარგლებში.

ჩვენ მათთან ვართ პოზიტიურ და აქტიურ კომუნიკაციაში და ვემზადებით შესახვედრად გარკვეული ტექნიკური საკითხების გასავლელად, მაგრამ ასევე დიდ პრობლემად რჩება ის 84 ყოფილი თანამშრომელი, რომლებიც გასული წლის დეკემბერში კომპანიამ გაათავისუფლა და რომელთა მიმართაც ერიცხება დაახლოებით 17 თვის სახელფასო დავალიანება.

ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ ეს ადამიანები და ჩვენ გადავწყვიტეთ და მათ „ნავთობის და გაზის კორპორაცია“ ერთჯერადი სახით დაეხმარება 1200 ლარის ოდენობით. თუმცა ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ „ფრონტერას“ – დაფარონ ეს სახელფასო დავალიანება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მომუშავე ნავთობკომპანია შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიადან“ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა კუთვნილი სახელფასო დავალიანების მოთხოვნით საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართა.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, კომპანიიდან თანამშრომლები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მათ შრომის ანაზღაურების გარეშე მუშაობის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *