ტურისტების გარეშე დარჩენილი ყვარელი
გასული წლებისგან განსხვავებით ქალაქ ყვარლის ქუჩებში უცხოელ ტურისტს ვეღარ ნახავთ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქართველი ტურისტების რიცხვიც მცირეა, რის გამოც, ტურისტული დაწესებულებების უმეტესობამ მუშაობა გაურკვეველი ვადით შეაჩერა.
ადგილობრივების განცხადებით, ტურისტების სიმცირის გამო ყველა სფერო მნიშვნელოვნად დაზარალდა, რადგან მათ შემოსავალი აღარ აქვთ. ყვარელში მცხოვრები მოსახლეობა ასევე შემცირებულ შემოსავლებზეც საუბრობს ისინი აცხადებენ, რომ ტურიზმის გააქტიურებასთან ერთად ისინი ყოველწელს გაკრვეულ შემოსავალს იღებდნენ.
,,ცუდი მდგომარეობაა ყვარელში. ტურისტები არ შემოდიან, ხალხი უმუშევარია, ყველაფერი ძვირდება, სასტუმროები კი გაჩერებულები არიან. უცხოელი და ქართველი ტურისტები რომ შემოდიოდნენ აქ ადგილზე მეტი ფული დატრიალდებოდა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”,– განუცხადა Knews.ge-ს ყვარელში მცხოვრებმა დათო ავაზაშვილმა.
ყვარლის მკვიდრი ნოდარ ავაზაშვილი კი აცხადებს, რომ გასულ წლებში ყოველდღიურად მუზეუმებთან ტურისტების დიდი ნაკადი შეინიშნებოდა, წელს კი არცერთი ჯგუფი არ დაუნახავს.
,,საქართველომ და ყვარელმა დიდი ზარალი მიიღო პანდემიის გამო. ვხედავდით უცხოელები სულ დადიოდნენ ქუჩებში და ახლა აღარავინაა. 10–15 ავტობუსი მაინც იყო ხოლმე მუზეუმებთან ყოველდღე გაჩერებული, ახლა აქაურობა ცარიელია. მაშინ ხალხს შემოსავალი ჰქონდა. გარდა ამისა, სასიამოვნო იყო ტურისტების დანახვა ქალაქში’’,– განაცხადა ნოდარ ავაზაშვილმა.
პავლონია ვილა ყვარელის დამფუძნებელი მარიტა სამხარაული აცხადებს, რომ პანდემიის გამო მათი შემოსავალი შემცირდა. მისივე თქმით, შემცირებულია ვიზიტორთა რაოდენობა. მარიტა სამხარაულის განცხადებით, პანდემიის გამო ბევრი ჯავშანი გაუუქმდა, რაც მათ საქმიანობაზე უარყოფითად აისახა.
,,პავლონია ვილა ყვარელი სასტუმროს ტიპის ვილაა და ვაქირავებთ არამარტო ვილას, არამედ სასტუმროსაც. ამ ეტაპზე გვაქვს სასტუმროს ტიპის 3 ნომერი, რომელიც იტევს 11 ადამიანს. ძირითადად ჯგუფები ქირაობენ ხოლმე. რაც შეეხება ტურისტების სიმცირეს, პანდემიის გამო გაგვიუქმდა ძალიან ბევრი ჯავშანი და ახლა ძირითადად ქართველი ვიზიტორები მოდიან. პანდემიამ ასევე ფინანსური კუთხით უარყოფითი გავლენა მოახდინა ჩვენს საქმიანობაზეც. წინა წლებში სულ გაწერილი და დაჯავშნული გქონდა წინასწარ ყველა ნომერი. ახლა კი საგრძნობლად არის შემცირებული ეს რიცხვი’’,– განუცხადა Knews.ge-ს მარიტა სამხარაულმა.
ვიზიტორების სიმცირეს უჩივიან ყვარელში მდებარე მუზეუმების წარმომადგენლებიც. ილია ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლიანა ქანდაურიშვილი განმარტავს, რომ მათ ყველანაირი წესების დაცვით მუშაობა წინა თვეში განაახლეს, თუმცა მათთან ტურისტების მცირე რაოდენობა მიდის.
,,მუშაობა 29 ივნისიდან დავიწყეთ. მუზეუმში შემოსვლისას ყველას უტარდება თერმოსკრინინგი, არავის ვუშვებთ პირბადის გარეშე, ასევე ხდება სპეციალური ხსნარით ხელის დამუშაოება. ამ წესებს იცავს ყველა, როგორც ვიზიტორი, ასევე აქ მომუშავე თანამშრომლები. მართალია არ გვყავს ბევრი ვიზიტორი, მაგრამ ვინც მოდის ყველა კმაყოფილია.
ორ ნაწილად ვათვალიერებინებთ მუზეუმს ვიზიტორებს. ერთია მემორიალური ნაწილი და ასევე საგამოფენო დარბაზი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ნივთები და ფერწერული ტილოები ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობასა და ცხოვრებაზე.
ჯერ–ჯერობით მხოლოდ ქართველი ტურისტები მოდიან, მაგრამ ჩვენი ხელმძღვანელები გვპირდებიან, რომ ჩაგვრთავენ სხვადასხვა აქტივობებში, რაც უცხოელი ტურისტის შემოდინებასაც შეუწყობს ხელს. შარშან გვყავდა უცხოელი ტურისტები მაგრამ ბევრი არა. ისინი ძირითადად ღვინის მარნებსა და საოჯახო სასტუმროებს სტუმრებდნენ’’,– განუცხადა Knews.ge-ს ლიანა ქანდაურიშვილმა.
ავტორები: მაკა ხაზიური, ზურა არჩემაშვილი