ახალი ამბები

თელავში, მოსახლეობის ნაწილი სასმელი წყლის მრიცხველების დამონტაჟებას ეწინააღმდეგება

თელავის მოსახლეობის ნაწილი სასმელ წყალზე მრიცხველების დამონტაჟებას ეწინააღმდეგება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ ფონზე, როცა წყალი მხოლოდ ორი საათის განმავლობაში მიეწოდებათ, მრიცხველები მათ გადასახადს გაუძვირებს.

,,21 -ე საუკუნეში, დღე- ღამის განმავლობაში, წყალი მოგვდის 2 საათით. ვაგროვებთ რეზერვუარებში, სხვაგვარად, ალბათ პირსაც ვერ დავიბანდით. ამ ორსაათიან მოწოდებაში გვიპირებენ გადასახადის 10- 15 ლარამდე გაძვირებას. რასაც ახლა ვიხდით, მოწოდების შესაბამისია. თან, რა წყალს გვაწვდიან, ყველანაირად უხარისხოა. ნება იბოძონ, მოგვცენ 24 საათიანი მომარაგება და დაამონტაჟონ მრიცხველები”,– განაცხადა ერთ- ერთმა ადგილობრივმა, ცირა კაციაშვილმა.

კახეთის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ მრიცხველის გარეშე, სასმელი წყლის მიწოდება ვერ გაუმჯობესდება. კომპანიის ხელმძღვანელის, ჯონი ოსიაშვილის ინფორმაციით, თელავში, 4 ათასი აბონენტი უკვე გამრიცხველიანებულია.

,,სხვაგვარად მომარაგებას ვერ გავაუმჯობესებთ. იმისთვის იხარჯება თანხები, რომ გადავიდეთ ნორმალურ მომარაგებაზე, სხვაგვარად შეუსაბამო ხარჯვას ვერ შევაჩერებთ”,–განაცხადა ოსიაშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, თელავის მოსახლეობა წყლის გადასახადს სულადობის მიხედვით იხდის. მოხმარებული წყლის საფასური ერთ სულზე, 1 ლარი და 20 თეთრია.