როგორ აფასებენ თელავში ნადიკვრის რეაბილიტაციის პროექტს
თელავში, ,,ნადიკვრის“ დასასვენებელი პარკის რეაბილიტაციის პროექტმა, რომელიც მოიცავს ახალი ფანჩატურების და ტერასების მოწყობას მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ადგილობრივების ნაწილი თვლის, რომ რეაბილიტაციის პროექტი მისაღებია, ნაწილი კი განმარტავს, რომ ტერასებზე ფანჩატურების მოწყობა დაამახინჯებს პარკის იერსახეს.
თელავში მცხოვრები ახალგაზრდების განცხადებით, რეაბილიტაციის პროექტი ისე უნდა განხორციელდეს, რომ პარკმა მნიშვნელობა არ დაკარგოს და მეტი ტურისტი მიიზიდოს.
,,კარგია, რომ დაიწყება რეაბილიტაცია. ბევრი რამ არის გასაკეთებელი და გასაახლებელი პარკში. მივესალმებით აღნიშნული პროექტის განხორციელებას. ამით მეტი შესაძლებლობა გაჩნდება ახალგაზრდებისთვის, რათა გაერთონ და განიტვირთონ. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა მეტ ტურისტს მოიზიდავს’’,– განუცხადეს Knews.ge-ს თელავში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა.
თელავში მცხოვრები მარიამ ოქროცვარიძე განმარტავს, რომ აღნიშნულ პროექტს და დაგეგმილ ინფტასტრუქტურულ სამუშაოებს დადებითი და ამასთანავე უარყოფითი მხარეებიც აქვს.
მისი თქმით, კარგია, რომ პარკის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოხდება, თუმცა პროექტის შედგენამდე უნდა მომხდარიყო საჯარო განხილვები თელაველების აზრის გასაგებად.
,,პროექტის განხორციელება კარგია იმიტომ, რომ მოწესრიგდება, გაკეთდება, დანგრეული ნადიკვარი. ვფიქრობ არავინ არ არის წინააღმდეგი, რაიმე გაკეთდეს ან გაახლდეს. ჩემი აზრით, ცუდი ისაა, რომ პროექტის დამუშავებამდე ხალხს აზრი არ კითხეს. უამრავი თელაველია მაგალითად ფანჩატურების, მოწყობის წინააღმდეგი’’,– განუცხადა knews.ge-ს მარიამ ოქროცვარიძემ.
სოციოლოგი თამარ ზურაბიშვილი განმარტავს, რომ ნადიკვარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება აუცილებელია და ამას ყველა თელაველი დაეთანხმება, თუმცა რეაბილიტაციის პროექტში გამოიკვეთა საკითხები, რომლის გათვალისწინებაც სამუშაოების დაწყებამდე მნიშვნელოვანია.
,,ნადიკვარი თელავის სავიზიტო ბარათია. იგი ადგილობრვიების და ტურისტების საყვარელი ადგილია შესაბამისად, ყველას გაგვიხარდება მისი მოწესრიგება. თუმცა, ნადიკვრის პარკის რეაბილიტაციის პროექტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ გამოავლინა. სწორედ იმიტომ რომ ნადიკვარი ასეთი მნიშვნელვანი ადგილია, ვფიქრობ, ამ ტიპის სარებალიტაციო სამუშაობის დამტკიცებამდე, შესაბამისმა სამსახურებმა ერთი საჯარო განხილვა მაინც უნდა მოაწყონ თელავის მოსახლეობასთან, გააცნონ პროექტი და მოისმინონ მათი აზრი. გარდა ამისა, სოციალურ სივრცეში საკმაოდ ბობოქარი დისკუსიები გაიმართა პროექტთან დაკავშირებით.
დამტკიცებული პროექტი, რომელიც ფანჩატურების დამონტაჟებას ითვალისწინებს არსებულ გადასახედ მოედნებზე, და ამავდროულად, წინა რეაბილიტაციის დროს ისეთი შეუსაბამო ასპექტების გამოსწორებას არ ითვალისწინებს, როგორიცაა, მაგალითად, გაჭრილი ხიდი, მართლაც რომ ბადებს გარკვეულ კითხვებს. შესაბამისად, სასურველი იქნებოდა მსგავსი პროექტების დამტკიცებამდე, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ასევე ისტორიულ ლოკაციებს ეხება, ისტორიკოსების, ურბანისტების და არქიტექტორების დასკვნები იქნეს მოძიებული’’,– განაცხადა თამარ ზურაბიშვილმა.
მისი განმარტებით, როგორც სოციოლოგი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრის გამოკითხვას გეგმავს.
,,მე, როგორც სოციოლოგს, ყოველთვის მაინტერესებს მოსახლეობის აზრი მიმდინარე მოვლენებზე და შესაბამისად, ვგეგმავ, მცირე გამოკითხვის ან პეტიციის შექმნის მეშვეობით გავიგო, რას ფიქრობენ თელაველები ნადიკვრის პარკის სარეაბილიტაციო პროექტზე. თუმცა, უფრო სასურველი იქნებოდა, მსგავსი გამოკვლევა მანამდე ჩატარებულიყო, ვიდრე მოხდებოდა პროექტის ტენდერის გამოცხადება, რათა თავიდანვე ყოფილიყო გათვალისწინებული მოსახლეობის საჭიროებები და მოლოდინები’’,– აცხადებს თამარ ზურაბიშვილი.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი წევრი, ,,ლეიბორისტული პარტიის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვარდოშვილი განმარტავს, რომ ნადიკვრის რეაბილიტაციის პროექტში აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული მოსახლეობის აზრი.
,,დღევანდელი ქალაქის მერი როდესაც იყო საკრებულოს წევრი, მეც საკრებულოს წევრი ვიყავი მაშინ და ინფრასტრუქტურულ კომისიაში გვიწევდა ერთად მუშაობა. მეც და ისიც ვთანხმდებოდით, რომ წინა ხელისუფლების მიერ ნადიკვარზე ორად გაჭრილი ორმო უნდა ამოვსებულიყო, რადგან ეს იყო მოსახლეობის სურვილი. მე ვნახე მერიის ახალი პროექტი და ამ ორმოს ამოვსება საერთოდ არ არის განსაზღვრული. ადრე მე მივიყვანე სპეციალისტები და მათტან ერთად დავითვალე თუ რა ჭირდებოდა ამ ორმოს ამოვსებას, შევადგენინე პროექტი . საჭირია 780 კუბი მიწა. შეიძლებოდა პროექტიდან ამისი გაკეთება, თუმცა არ გაითვალისწინეს.
ახალ პროექტზე ამბობენ ნადიკვარს ძველი იერსახე უნდა დავუბრუნოთ ფანჩატურების გაკეთებითო და დგამენ იმ ტერასებზე რომლიც არის მოწყობილი. შეუსაბამოა ტერასაზე დადგმული ფანჩატური და მოსახლეობა არის ამის წინააღმდეგი. ვისთვის კეთდება ეს ყველაფერი თუ აქაური მაცხოვრებლები წინააღმდეგები არიან?! ნადიკვრის მთავარი ღირსებაა ქვემოდან ალაზნის ველის ხედი და ზემოდან ცივგომბორის ქედი. ფანჩატურები თუ ძველ ადგილას იქნება, ის ხედს არ დაფარავს. ამ პროექტის შემთხვევაში კი ეს მოხდება.
ნადიკვარი თელავისთვის არ არის მხოლოდ კულტურის და დასვენების პარკი, ის არის მათი უსაყვარლესი ადგილი და ამიტომ როცა არ ყოფნით კომპეტენცია, უნდა მოწყობილიყო საჯარო განხილვა. მერიამ თელაველები ფაქტის წინაშე დააყენა და უკვე მზა პროექტი გამოაქვეყნეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ამის მიუხედავად უწყებამ გამოაცხადა ტენდერი და გამარჯვებული გამოვლინდა კომპანია, რომელიც არ არის ადგილობრივი და თელავს არ იცნობს’’,– განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ ვარდოშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის, დავით ქსოვრელიშვილის განმარტებით, ნადიკვარი იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო.
,,მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის ბიუჯეტიდან დააფინანსა ნადიკვრის პარკში ფანჩატურების და ტერასების მოწყობა, საფეხმავლო ბილიკების და გადასასავლელი ხიდის რეკონსტრუქციის სამუშაოები. დამთავრებულია ტენდერი და სამუშაოები ახლო მომავალში დაიწყება. იგეგმება ფანჩატურების ისე მოწყობა, როგორც ადრე იყო. პროექტი ზუსტად იმეორებს იგივე კონტურებს და კონცეფციას. ასევე გეგმება გადასახედების და გადასასვლელი ხიდის მოწყობა, რომელიც საკამათო იყო. ის ახალი სახით იქნება რეკონსტრუირებული. სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დავიწყებთ.”