ახალი ამბებისტატიები

რას ფიქრობენ კახეთში ერთპროცენტიან საარჩევნო ბარიერზე

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დაამტკიცა, რომელიც ახლებურად არეგულირებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დროებით წესს.

კანონპროექტის თანახმად არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით და პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 მაჟორიტარული საარჩევნო სიით. პროპორციული არჩევნები კი ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით.

,,ლეიბორისტული პარტიის” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ვარდოშვილი აცხადებს, რომ 1%–იანი ბარიერის გამო შესაძლოა მმართველმა გუნდმა თავისი სატელიტი პარტიები შექმნას, თუმცა ისინი ვერაფრის გაკეთებას შეძლებენ. ,,1 % –იანი ბარიერის პირობებში არსებობს გარკვეული რისკი, რომ ხელისუფლებამ შეიძლება შექმნას თავისი სატელიტი პატარა პარტიები, რომლის საშუალებითაც შეეცდება უმრავლესობის შექნას, მაგრამ ეს არანაირ საფრთხეს არ არის, რადგან საერთაშორისო საზოგადოება ამას, ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხს, არ დაუშვებს’’,– განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ ვარდოშვილმა.

,,ნაციონალური მოძრაობის” ახმეტის ორგანიზაციის თავმჯდომარე, შაქრო ტერტერაშვილი განმარტავს, რომ მმართველი გუნდის მიერ დასახელებული 1%–იანი ბარიერი ოპოზოციურ პარტიებს შორის განხეთქილების და დაპირისპირებისთვის არის დასახელებული. თუმცა გასული წლებისგან განსხვავებით, ოპოზიცია ერთიანია.

,,ვფიქრობ, რომ 1%–იანი ბარიერი თავიდან პარტიებში განხეთქილების და დაპირისპირების მიზეზისთვის იყო ,,შემოგდებული”, რადგან მათ შორის შეთანხმდება ვერ მომხდარიყო, თუმცა ასე არ მოხდა და ოპოზიცია გაერთიანებულია’’,– განუცხადა knews.ge-ს შაქრო ტერტერაშვილმა.

,,ევროპული საქართველოს” პარტიის თელავის ოფისის ხელმძღვანელი ლელა მენთეშაშვილი განმარტავს, რომ არჩევნების ახალი მოდელით ჩატარება ნიშნავს ხალხის ხმისა და განწყობის უფრო მეტად ასახვას პარლამენტში.

,,ახალი ფორმატით არჩევნების ჩატარება არის დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს ნიშნავს, რომ ხალხის ხმა და განწყობა უფრო მეტად იქნება ასახული პარლამენტში’’,– განაცხადა ლელა მენთეშაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცებით პარლამენტმა ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა გაატარა.

„ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლითაც დადგინდა ევროპული ტიპის კლასიკური საპარლამენტო მმართველობის სისტემა და სწორედ ამ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

ახალი რედაქცია უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას. რაც შეეხება ერთპროცენტიან საარჩევნო ბარიერს, საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი განისაზღვრება 1 პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. ხოლო გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თელავის ,,დემოკრატიული სკოლის” ხელმძღვანელი, ნიკოლოზ შარვაშიძე განმარტავს, რომ საარჩევნო მოდელის შეცვლა გააუმჯობესებს პოლიტიკურ გარემოს და ხელს შეუწყობს პოლარიზების შემცირებას.

,,ეს მოიტანს მნიშვნელოვან ცვლილებებს საპარლამენტო და პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ჩემი აზრით გააუმჯობესებს პოლიტიკურ გარემოს და ხელს შეუწყობს პოლარიზების შემცირებას’’, – განაცხადა Knews.ge-სთან საუბრისას ნიკოლოზ შარვაშიძემ