ახალი ამბები

სოფელ ჩუმლაყში 20 პირს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კორონავირუსით ინფიცირებული პირის 20 კონტაქტს ტესტირება ჩაუტარდა.

მისივე განმარტებით, ყველა კონტაქტის ტესტირების შედეგი უარყოფითია.

,,მოვიძიეთ სოფელ ჩუმლაყში შემოტანილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები. ასევე გატესტილი იქნა 20 პიროვნება და ყველა მათგანის ტესტირების შედეგი უარყოფითია. ისინი იმყოფებიან თვითიზოლაციაში.
რაც შეეხება ზოგად სიტუაციას 3 კარანტინის სივრცეში იმყოფება 104 მოქალაქე. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება. კახეთის რეგიონში თვის განმავლობაში დაგეგმილია 8000-დან 9000-მდე ტესტირების ჩატარება.
9 ივლისს აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილი იქნა 106 ნიმუში და ყველა ნეგატიურია”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ნელი ხიზანიშვილის განცხადებით სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 7215 ნიმუში, აქედან 2772 მედპერსონალია, 1976 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, 270 შშმ პირი, 40 ტრაილერის მძღოლი და 94 საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი.